რას ამბობს ია მეტრეველი რობაქიძის საქმეზე ბრალდებულის შესახებ?
თუ საპროცესო გაუფორმდება და ბაქრაძე გარეთ გამოვა, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან და საუბრობს სიმართლეს.
"თუ საპროცესო გაუფორმდება და გარეთ გამოვა ბაქრაძე, მე არ ვიქნები წინააღმდეგი. ეს ადამიანი თანამშრომლობს და საუბრობს სიმართლეს. მან პირდაპირ დაასახელა დამნაშავეები და პირდაპირ დაადო ხელი დონაძეს, იაშვილს და სხვას. დონაძეს ძალიან უნდა, რომ იოლად გამოძვრეს, მაგრამ ვერ გამოუვა. ბაქრაძემ ისაუბრა, როგორ ამონტაჟებდა დონაძე ვიდეოს, როგორ დგამდა სცენებს. 85 პატრული, რომელიც არის მოწმე და რომელთა უმრავლესობა ადასტურებდა, იარაღი იყო მოტანილი, მათზე ჩანდა დონაძის გავლენა, როგორ აშანტაჟებდა დონაძე სასამართლოს წინაშე და ამაზე ისაუბრა ბაქრაძემაც, რომ სასამართლოს წინა დღეს აყურებინებდა ვიდეოებს და აშანტაჟაბდა. აბსოლუტურად დადასტურდა ისიც, რომ ბართაიას ჩაუდეს ე.წ. "ლიმონკა". ყოფილი პოლიციელი გია სარიშვილი იყო მოწმე, როგორ წაიღო ავტომატები მიქაძემ. ესეც დაემთხვა ბაქრაძის ჩვენებას", - განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, სრული აბსურდია, რომ ბაქრაძეზე ზეწოლა ხორციელდება. "2013 წელს ბაქრაძემ ისაუბრა სიმართლე და თქვა, რომ მზად იყო ჩამოსასვლელად. დღევანდელ პროცესზე განმარტა, თუ რატომ ვერ ჩამოვიდა. მან შეიტყო, რომ ინტერპოლით გამოცხადდა ძებნა, რის გამოც ვერ მოახერხა ჩამოსვლა, თუმცა, სურვილი ჰქონდა. მან დამაჯერებლად ისაუბრა იმაზეც, რომ უკრაინაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვერ ჩნდებოდა. როგორც კი საშუალება მიეცა, ის პირიქით იხვეწებოდა ჩამოსულიყო და ჩვენება მიეცა", - განაცხადა მეტრეველმა.
მისივე ვარაუდით, შს ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაც აპირებს სიმართლის თქმას. "დღეს ბაქრაძემ ასევე ახსენა ლევან გვაზავა, რომელიც როგორც მე მივხვდი, ასევე, სიმართლის თქმას აპირებს", - აღნიშნა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ 16 თებრვალს, "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.
"ინტერპრესნიუსი"