"ამ საზოგადოებას ბევრად კარგად ესმის გინებით ნათქვამი, ვიდრე მშვიდად ნალაპარაკები, მიდრეკილებაა ღრიალის მიმართ"
"ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ძალადობას გააჩერებს მანდატური, მასწავლებელი, პოლიცია და ხელისუფლება, ელემენტარულად არ უნდა, რომ ამ რეალობას შეხედოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ფაბრიკაში" განაცხადა, სადაც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ინიციატივით, პლატფორმის "დიალოგი მომავალ თაობასთან" ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტმა მათ შეკითხვებსაც უპასუხა, ერთ-ერთი მათგანი სკოლებს და იქ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.
"ძალადობა არის არც მანდატურის, არც მასწავლებლის, არც მთავრობის, ძალადობა არის საზოგადოების პრობლემა. ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ძალადობას გააჩერებს, მანდატური, მასწავლებელი, პოლიცია და ხელისუფლება, ელემენტარულად არ უნდა, რომ ამ რეალობას შეხედოს. ის აგრესიის კულტი, კულტი ერთმანეთის შეურაცხყოფის, ის პოპულარობა, რომელსაც იძენენ პერსონაჟები, რომლებიც არიან უარყოფითი და დამთრგუნველი რიტორიკის, ქმედების, გამომეტყველების მატარებლები - ეს ფაქტია ჩვენი საზოგადოების. ვინმეს თუ უნდა გაექცეს, ამოეფაროს და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხედოს ამ ყველაფერს, მას ელემენტარულად არ უნდა პრობლემის დანახვა. ეს საზოგადოება ტაშს უკრავს აგრესიას. ამ საზოგადოებას ბევრად კარგად ესმის გინებით ნათქვამი, ვიდრე მშვიდად ნალაპარაკევი. ამ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება და მიდრეკილება ღრიალის მიმართ. ქალთა ძალადობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ქალები ის დედები არ არიან, რომელთა შვილებიც შემდეგ სკოლებში მიდიან?! დავინახოთ, ვაღიაროთ ეს პრობლემა. ნუ ამოვეფარებით კლასიკურ განმარტებას, რომ მთავრობამ მიხედოს. მთავრობა რისთვისაა დაქირავებული, რომ ჩვენ გვემსახუროს და ჩვენ მიერ მიცემული შეკვეთა შეასრულოს და ბღავილით რომ უყვირი ამ მთავრობას და აგრესიულად რომ ელაპარაკები მასაც, მასწავლებელსაც, შენი ოჯახის წევრსაც, შვილსაც, ეს გადადის ბავშვზეც და ყველაზეც", - განაცხადა მარგველაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"