კილერის მორიგი მსხვერპლი ბიზნესმენი
"კილერების დაქირავებითა და შეკვეთილი მკვლელობებით რუსეთს დავემსგავსეთ"
მკვლელი ბიზნესმენ ნუგზარ კახიძეს ბინოკლით უთვალთვალებდა
გასულ კვირას ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე თბილისის ცენტრში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, თავის ბინაში იყო, როცა ზარის ხმა გაისმა. მკვლელი ბიზნესმენს ბანკის წარმომადგენლად გაეცნო, თითქოს მისთვის დოკუმენტები ჰქონდა გადასაცემი. კახიძემ კარი გააღო, თავდამსხმელმა კი მაშინვე ესროლა. შვიდი ტყვიიდან კახიძეს ოთხი მოხვდა. მკვლელობას ჰყავს თვითმხილველი ქალი. მკვლელმა მასაც ესროლა, მაგრამ ის გადარჩა. დამნაშავე გაიქცა. კორპუსთან დაცვა დგას, მაგრამ, როგორც ირკვევა, დამნაშავე უკანა სადარბაზოდან შევიდა და გასვლისას ეზოშივე გადააგდო დანაშაულის იარაღი - სავარაუდოდ, "ბერეტას" ტიპის პისტოლეტი. თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა და მისი აღწერა თვითმხილველმა შეძლო. როგორც ამბობენ, დამნაშავე აღბეჭდა კორპუსის კამერებმაც, ძალოვანებმა ფოტორობოტიც შექმნეს. სავარაუდოდ, მკვლელი 30 წლამდე მამაკაცია. მას ფეხზე ბახილები ეცვა, ხელზე - რეზინის ხელთათმანი. ეზოში იპოვეს ბინოკლიც, რომლითაც, სავარაუდოდ, ის ნუგზარ კახიძეს უთვალთვალებდა.
მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მკვლელობა ბიზნესწილებს უკავშირდება. ბიზნესმენი ოთხი კომპანიის მოწილე იყო. ამ ოთხი კომპანიიდან სამის დირექტორი გახლდათ და ვარკეთილის ბაზრობის მხოლოდ მეწილე იყო. ნუგზარ კახიძეს წლების მანძილზე დავა ჰქონდა ყოფილ ბიზნესპარტნიორთან.
"მკვლელობის მოტივი ოჯახისთვის ცნობილი არ არის, ველოდებით გამოძიების შედეგებს. ვადასტურებ, რომ სამოქალაქო დავა წლებია მიმდინარეობს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ამას კავშირი არ უნდა ჰქონდეს მკვლელობასთან", - განაცხადა მოკლულის ოჯახის ადვოკატმა პაატა სალიამ.
დავით კუხალაშვილი, ექსპერტი: - "კილერების ინსტიტუტის" გააქტიურება აშკარაა. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლს ვერ აკონტროლებს. ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ამგვარი მკვლელობები, ძირითადად, არარეგისტრირებული იარაღით არის ჩადენილი, იარაღის ბრუნვა თავისუფალია. სისტემაა მთლიანად მორყეული, ოპერატიული მუშაობა არ მიმდინარეობს. მოშლილია უბნის ინსპექტორის, კრიმინალური პოლიციის, უშიშროების თითქმის ყველა სამსახურის ოპერატიული საქმიანობა. პრაქტიკულად, სუს-ი და შს სამინისტრო ინფორმაციას არ უცვლიან ერთმანეთს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკადრო პრობლემაა, არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.
თუ პროფესიონალები არ მივიდნენ სისტემაში, უარესი მოხდება.
მკვლელობების გახშირების მიზეზი დაუსჯელობის სინდრომიც არის და ვითარების გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს.
მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - კილერების დაქირავებითა და შეკვეთილი მკვლელობებით რუსეთს დავემსგავსეთ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი მკვლელობები დღისით ხდება, რაც მიანიშნებს, რომ ბოროტმოქმედებსა და შემკვეთებს პოლიციის შიში არა აქვთ.
დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში, კრიმინალური ჯგუფები არხეინად გრძნობენ თავს. კახიძეც დღისით მოკლეს, მკვლელს ნიღაბიც კი არ ეკეთა. ამიტომ საქმის გახსნის პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ, სანამ ასეთი არაკვალიფიციური კადრები იქნება შს სამინისტროში, ნურაფერს ველოდებით.
კილერები საქართველოში, ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ. ისინი მრავლად არიან რუსეთსა და უკრაინაში.
არსებობს ინტერნეტგვერდები, სადაც სპეციალური კოდების მინიშნებებით შეგიძლიათ გამოიწეროთ კილერი. უცხოელი კილერის ჩამოყვანა უფრო საიმედოა. არც იმის გეშინია, რომ ჩაგიშვებს ან მას ვინმე დაიჭერს. კილერი რომც დაიჭირონ, დამკვეთის ვინაობას მაინც არ გათქვამს. ამიტომაც რჩება ასეთი დანაშაულები გაუხსნელი.
ბურუსით მოცული მკვლელობები
წელს, 15 იანვარს, რუსთავში, ე. წ. სტამბოლის ბაზარში მისსავე კაბინეტში ჩაცხრილეს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, პარლამენტის ყოფილი წევრი და გენერალი, 53 წლის სამსონ ქუთათელაძე.
თავდასხმა დღისით, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. მკვლელი მიიმალა. ქუთათელაძის მკვლელობა ბიზნესდავას დაუკავშირეს. მოკლული გენერლის ბიზნესპარტნიორი უზიელ ნონი დარწმუნებულია, რომ ის დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.
2018 წლის 7 თებერვალს, დილის 11 საათზე, დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს. გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელი ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა.
2017 წელს აბანოთუბანში 74 წლის ქართველი ებრაელი ბიზნესმენი ომარ ქერქაძე ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს. როგორც გაირკვა, ჩაქუჩით თავი გაუტეხეს. ის საქართველოში მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ბიზნესპარტნიორებთან შესახვედრად ჩამოვიდა.
მისი სახლიდან დაახლოებით 2.000 აშშ დოლარი წაიღეს. მართალია, მაშინ ეს დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და რამდენიმე პირი დააკავეს, მოტივად კი ყაჩაღობა დასახელდა, თუმცა მისი ახლობლები თვლიან, რომ ეს მკვლელობაც ბიზნესდავას უკავშირდება.
2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს. საქმე რამდენიმე თვის შემდეგ გაიხსნა. ითქვა, რომ ბიზნესმენი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა ფარიდ გურბანოვმა და ალექსანდრ დამედოვმა შეკვეთით მოკლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამ შემთხვევაშიც ბიზნესმენის მკვლელობის მოტივად ბიზნესდავა დასახელდა.
თეა ხურცილავა