"კილერი მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა"
მკვლელი ბიზნესმენ ნუგზარ კახიძეს ბინოკლით უთვალთვალებდა
გასულ კვირას ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე თბილისის ცენტრში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, თავის ბინაში იყო, როცა ზარის ხმა გაისმა. მკვლელი ბიზნესმენს ბანკის წარმომადგენლად გაეცნო, თითქოს მისთვის დოკუმენტები ჰქონდა გადასაცემი. კახიძემ კარი გააღო, თავდამსხმელმა კი მაშინვე ესროლა. შვიდი ტყვიიდან კახიძეს ოთხი მოხვდა. მკვლელობას ჰყავს თვითმხილველი ქალი. მკვლელმა მასაც ესროლა, მაგრამ ის გადარჩა. დამნაშავე გაიქცა. კორპუსთან დაცვა დგას, მაგრამ, როგორც ირკვევა, დამნაშავე უკანა სადარბაზოდან შევიდა და გასვლისას ეზოშივე გადააგდო დანაშაულის იარაღი - სავარაუდოდ, "ბერეტას" ტიპის პისტოლეტი. თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა და მისი აღწერა თვითმხილველმა შეძლო. როგორც ამბობენ, დამნაშავე აღბეჭდა კორპუსის კამერებმაც, ძალოვანებმა ფოტორობოტიც შექმნეს. სავარაუდოდ, მკვლელი 30 წლამდე მამაკაცია. მას ფეხზე ბახილები ეცვა, ხელზე - რეზინის ხელთათმანი. ეზოში იპოვეს ბინოკლიც, რომლითაც, სავარაუდოდ, ის ნუგზარ კახიძეს უთვალთვალებდა, როგორც ამბობენ, "შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაშიც".
მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მკვლელობა ბიზნესწილებს უკავშირდება. ბიზნესმენი ოთხი კომპანიის მოწილე იყო. ამ ოთხი კომპანიიდან სამის დირექტორი გახლდათ და ვარკეთილის ბაზრობის მხოლოდ მეწილე იყო. ნუგზარ კახიძეს წლების მანძილზე დავა ჰქონდა ყოფილ ბიზნესპარტნიორთან.
დავით კუხალაშვილი, ექსპერტი: - "კილერების ინსტიტუტის" გააქტიურება აშკარაა. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლს ვერ აკონტროლებს. ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ამგვარი მკვლელობები, ძირითადად, არარეგისტრირებული იარაღით არის ჩადენილი, იარაღის ბრუნვა თავისუფალია.
იხილეთ ასევე: "მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა"