რა უნდა იცოდნენ იმ ავტომფლობელებმა, რომელთაც "სითი პარკის" ბარათი აქვთ? - კვირის პალიტრა

რა უნდა იცოდნენ იმ ავტომფლობელებმა, რომელთაც "სითი პარკის" ბარათი აქვთ?

ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ "სითი პარკის" ბარათი უნდა შეიძინოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ავტომფლობელებმა, რომლებსაც ჯარიმები უკვე დარიცხული აქვთ, საჯარიმო თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, ან - გაასაჩივრონ.

"ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ "სითი პარკის" ბარათი უნდა შეიძინოს. ეს ბარათები იმოქმედებს შემდგომი ვადის გასვლამდე. ხოლო მათ, ვისაც უკვე ჯარიმები აქვთ დარიცხული, 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ, ან ჯარიმა გადაიხადონ. თუ 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებენ ჯარიმას, კანონის მიხედვით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განხილვის უფლება არ აქვს", - განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკის" ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მათი ინფორმაციით, კომპანია 10 ერთეული ევაკუატორის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

"ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს 10 ევაკუატორის შესყიდვაზე, რაც პარკირების მომსახურებისთვის გვჭირდება. მანამ, ვიდრე ტენდერი გამოცხადდება და მანქანებს შევიძენთ, ვისარგებლებთ საიჯარო მომსახურებით, ანუ ვიქირავებთ შესაბამისი რაოდენობის მანქანებს, რაც მუშაობის უზრუნველყოფისთვის გვჭირდება. კონკრეტულად რომელ ფირმებთან დავდებთ ხელშეკრულებას ქირავნობაზე, ჯერჯერობით არ ვიცით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, ასევე ვმუშაობთ ხელშეკრულების პირობებზეც, რა ფასებში მოხდება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ევაკუატორების შესყიდვაზე ტენდერი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 112-ის ევაკუატორებით სარგებლობა ავტომანქანების შესყიდვამდე, სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ არ აქვთ მოლაპარაკებები 112-თან. "ეს არის ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც დამუშავების ეტაპზეა. 112-ზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"