ტოსკანა და დოზანა!
ვინაიდან, ჩემი აფხაზეთში ვიზიტის შესახებ უკვე ბლოგებშიც და ტელეგადაცემებშიც მისაუბრია, ამ თემაზე არ შევჩერდები და ჩემს პირველ სერიოზულ და დაგეგმილ მოგზაურობაზე მოგითხრობთ.
ადამიანს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახალი მისწრაფება უჩნდება, გამონაკლისი არც მე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე რამდენიმე ქვეყანაში უკვე ნამყოფი ვიყავი, არცერთის მიმართ გამომიხატავს რაიმე განსაკუთრებული ენთუზიაზმი და ინტერესი, თან ტურისტულ მოგზაურობას ამას ვერ უწოდებდი. აფხაზეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რაიმეს უნდა გადაეფარა მიღებული შთაბეჭდილება – მწარე და ამავდროულად ტკბილი, სიცარიელე უნდა შეევსო. ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ მოგზაურობას შეეძლო. მაგრამ სად?
ჩემი პირველი საყვარელი სიღერა? – „ფელიჩიტა“, საყვარელი მსახიობი?- სოფი ლორენი, საყვარელი მომღერალი? – ადრიანო ჩელენტანო, საყვარელი მწერალი? – ალბერტო მორავია, საყვარელი რეჟისორი? – ფედერიკო ფელინი, საყვარელი საფეხბურთო ნაკრები? – იტალია… მოკლედ, იტალიით უნდა დამეწყო! ორი კვირის განმავლობაში იყო რომი, ტოსკანა, სარდინია.
ტოსკანა, ტოსკანა, ტოსკანა და დოზანა! აი, სად მივხვდი, რომ დავიღუპე! ამაში კი „დამნაშავე“ ჩემი მეგობარია, რომელიც მრავალი წელია იქ ცხოვრობს და რომელმაც სულ სხვა კუთხით გამაცნო იქაურობა, არატურისტული, მთელი თავისი შიდასამზარეულოთი.
ერთი დღის განმავლობაში მოვლილი სამი ქალაქი: სიენა, მონტერიჯონი და სან ჯიმინიანო. ადგილმდებარეობების შეცვლისას ვფიქრობდი, ამაზე უკეთესი სხვაგან რა უნდა ვნახო-მეთქი, თუმცა, ვცდებოდი.
აღმოვაჩინე, რომ ვარ ჩემს სტიქიაში, შუასაუკუნეების მოკირწყლული ვიწრო ქუჩები და ქვის სახლები მყვარებია, ვენახები და ზეთისხილის ბაღები მყვარებია, თურმე, პიცა და პასტა არ არის იტალიის სამზარეულოს მთავარი ამოსავალი წერტილი.
პროშუტო, პეკორინო, კიანტი… რა ტკბილად ჟღერდა ეს სიტყვები…
დესერტად კი სან ჯიმინიანოს მთავარ პიაცაზე გახსნილი ჯელატერია, რომლის მფლობელი სერჯიო ისე შემხვდა, თითქოს მთელი ცხოვრება მე მელოდა. მართალია, ჩემი მეგობრის მეგობარია და იტალიაში ჩვენზე მეტად ჭრის ნაცნობობა და „ბლატები“, ამიტომაც კილომეტრიანი რიგი აგვცდა. თუმცა მე მაინც მტკიცედ მწამს, რომ მე მას მართლაც თავიდანვე მოვეწონე. დღემდე ვმეგობრობთ და საგანგებოდ ელოდება ხოლმე ჩემს ჩასვლას.
კედელზე ტონი ბლერთან, მიშელ ობამასთან და იტალიის ფეხბურთისა და კინოს ვარსკვლავებთან გადაღებული ფოტოები, მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი ჯელატო, რომლის დასაგემოვნებლადაც ეს ხალხი სპეციალურად ჩამოდის სან ჯიმინიანოში.
ჰო და, ეს სერჯიო მასინჯებს თავისი ჩემპიონი ჯელატოს (ნაყინს ვერ ვუწოდებ, რადგან ძალიან ეწყინება) ათობით ნაირსახეობას, სრულიად უფასოდ და საერთოდ არ უკვირს ჩემი ემოციები, გადატრიალებული თვალები და გმინვა, რადგან მშვენივრად იცის, რასაც ჰყიდის.
„საკონტროლო გასროლა“ კი გახდა ტოსკანის მარგალიტი – ფლორენცია, სადაც შთაბეჭდილებებისგან ისედაც გაგიჟებული, გვიან ღამით ჩამიყვანეს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ტურისტები არ დადიან, მუზეუმები დაკეტილია, მაგრამ მუზეუმები რად მინდოდა! ფლორენცია ხომ ისედაც მუზეუმია ღია ცის ქვეშ! ვიგრძენი, რომ რაღაც ვერ არის ჩემს თავს კარგად: თავბრუსხვევა დამეწყო, მეგობრებთან საუბარიც კი არ მინდოდა, დავდიოდი პირღია და შინაგანად ყვირილი მინდოდა. სანტა მარია დელ ფიორესთან კი ჩემი დამემართა, ფეხები მომეკვეთა, ვიგრძენი, რომ თუ არ ჩამოვჯექი, გული წამივა. არ ვიცი, რატომ, როგორ, საიდან… მეგრულად დავიწყე გინება. ვაგინებდი მიქელანჯელოს, ვაგინებდი მთელ ამ დიდებულებას. მშურდა, ტირილი მინდოდა, თითქმის ვერ ვიტანდი აქაურობას, რადგან ჩემი არ იყო, რადგან აქაურობა მალე უნდა დამეტოვებინა… შინ დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ ჩემს მდგომარეობას თურმე სტენდალის სინდრომი ერქვა.
ამის შემდეგ, საოცარ კუნძულ სარდინიაზე 10-დღიანი ყოფნაც კი გაფერმკრთალდა ჩემთვის, მარადიული რომი, სადაც ყველა გზას მიჰყავხარ, ისეთი დიდებული არ მომეჩვენა.
იდეა ფიქსი მაქვს – მქონდეს პატარა ქვის ქოხი სადმე მთის ბორცვზე ტოსკანის რომელიმე მიყუებულ სოფელში, პატარა ბოსტნით, ვენახით, ზეთისხილის ბაღით. მეყოლება ორი ძროხა, მეგობრებს საკუთარი ღვინითა და ყველით გავუმასპინძლდები და ვიცხოვრებ მშვიდად და ბედნიერად. რა თქმა უნდა, თუ ოდესმე ჩემს მშობლიურ ქალაქში არ დავბრუნდები, რომლის გახსენებასაც კი უკვე თავს ვარიდებ, რადგან უდიდეს ტკივილს მაყენებს ეს ფიქრები…