"სპეცრაზმელებს, ვინც გელაშვილის ცემაში მიიღო მონაწილეობა, ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის 500-500 დოლარი გადასცეს" - რას ამბობს მოწმე? - კვირის პალიტრა

"სპეცრაზმელებს, ვინც გელაშვილის ცემაში მიიღო მონაწილეობა, ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის 500-500 დოლარი გადასცეს" - რას ამბობს მოწმე?

მოწმის ჩვენების თანახმად სპეცრაზმელებს, ვინც ვალერი გელაშვილის ცემაში მიიღო მონაწილეობა, ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის 500-500 დოლარი გადასცეს. მოწმე მამუკა ცინარიძის ჩვენება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმის სასამართლო განხილვაზე გასაჯაროვდა. აღნიშნული მოწმე სასამართლოზე არ დაკითხულა, ვინაიდან, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ცინარიძეს საქართველო აქვს დატოვებული, მას ვერც ოჯახი უკავშირდება და შესაბამისად მისი სასამართლოში წარდგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ჩვენება, რომელიც დღევანდელ სასამართლოზე გამოქვეყნდა, ცინარიძეს გამოძიებისთვის 2014 წელს აქვს მიცემული.

მოწმის ჩვენების თანახმად, ის მოდულის შენობაში დაიბარეს, შემდგომ აცნობეს, რომ ოპერაციის ობიექტი იყო მამაკაცი, რომელიც ქალაქში დაცვასთან ერთად ჯავშნიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ცინარიძის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდი სპეცრაზმელები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და მითითებებისამებრ იქცეოდნენ. მისივე ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც გელაშვილის დაცვასა და ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს, კვლავ მოდულის შენობაში დაიბარეს და ოთახში რამდენიმე ადამიანი დახვდათ, მათ შორის ერეკლე კოდუა. მოწმის ჩვენებით, მაგიდაზე უცხოური ვალუტა იდო და თითოეულ სპეცრაზმელს 500 დოლარი გადასცეს და ასევე, ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ერეკლე კოდუამ მათ მადლობაც გადაუხადა.

მამუკა ცინარიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ ოპერაციას უშუალოდ ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა.

"ინტერპრესნიუსი"