"ბავშვი მეზობლის გოგომ გადაარჩინა" - 13 წლის ბიჭზე მოძალადე უცხოელი დაკავებულია
აზერბაიჯანის მოქალაქე 22 წლის მამაკაცი 13 წლის მოზარდს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ბიჭი ლიფტით მე-8 სართულზე შინ ადიოდა. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, მამაკაცმა მე-6 სართულზე გააჩერა ლიფტი და სავარაუდოდ, ამ დროს დაესხა მოზარდს თავს. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მოხდა. 13 წლის ბიჭს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, ექიმის განცხადებით, დასმულია ტვინის შერყევის დიაგნოზი. კონკრეტულად რა მოხდა, რა იყო დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი, თავისუფლების ოთხიდან ექვს წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა, 112-ში შევიდა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
"პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
როგორც "რუსთავი 2"-თან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს თავდამსხმელი მათი კორპუსელი არ არის და არ იცნობენ. მათი ვარაუდით, ის ბიჭს ქუჩიდან აედევნა.
იხილეთ ასევე: დაუბრუნდა თუ არა მხედველობა, ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს?
"ლიფტში მოხდა ეს ამბავი, პოლიცია დროულად მოვიდა, ბავშვი მეზობლის გოგონამ გადაარჩინა, რომელმაც გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"ბავშვი ბრუნდებოდა სკოლიდან და როგორც თვითონ ამბობს, მასთან ერთად ლიფტში შევიდა თავად მოძალადეც, რომელიც ამავე კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. მან ლიფტი სართულებს შუა გააჩერა და ბავშვს დაუწყო ცემა. როგორც ბავშვი ყვება, მანაც გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ამ პიროვნებამ დაუჭირა თავი, გაახელინა თვალები და თითები შეარჭო. ამის შემდეგ ბავშვი ყვება, რომ მან თვალთან იგრძნო დატკაცუნება და დაკარგა მხედველობა. ეს მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი. ამის მერე მეზობლებმა გაიგეს ბავშვის ყვირილის ხმა, დაიწყეს ლიფტის კარების გაღება, რასაც დაჭირდა გარკვეული დრო", - ყვებიან მოზრადის ახლობლები ambebi.ge-სთან. გამოცემასთან ისინი მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ - ერთი, რომ მოძალადეს ფსიქიკური აშლილობა აქვს, მოერე, ის შეიძლება რომელიმე სექტის წარმომადგენელია. (წყარო)
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.