"რეგიონებში საკადრო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს" - კვირის პალიტრა

"რეგიონებში საკადრო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს"

სუსტი თვითმმართველობა ისევ ჩვენი სახელმწიფო სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება. ამ ცოტა ხნის წინ, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ერთობლივად წარმოადგინა ახალი კონცეფცია დეცენტრალიზაციის და თვითმართველობის გაძლიერებისათვის. რამდენად მზად არის მთავრობა რეფორმისათვის, როდის და როგორ უნდა დაიწყოს პროცესი? - გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.

- მინდა თავშივე აღვნიშნო, რომ ეს თემა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სრულფასოვანი მდგრადი განვითარებისთვის, ამიტომაც მთავრობის მიერ 5 მარტს წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგია სერიოზულადაა განსახილველი.

ისევ გვესმის საყოველთაოდ ცნობილი და გასაგები პრინციპები - უფლებამოსილების გადაცემა, საბიუჯეტო შესაძლებლობების გაზრდა და პროცესზე მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა საზოგადოება ელოდებოდა მეტ კონკრეტიკას და რეფორმისათვის გაცილებით შემჭიდროვებულ ვადებს, ვიდრე დასახელდა, რასაც, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ოპონენტები გამოიყენებენ მთავრობის წინააღმდეგ და არც თუ უსაფუძვლოდ.

დასახული მიზნის შესასრულებლად უპირველესად უნდა გავაანალიზოთ რამდენად ეფექტურ ინსტიტუციონალურ სისტემას ვანდობთ რეფორმას და რა მომზადების, გამოცდილების დონე აქვთ შესაბამის კადრებს. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ შეფასებებისგან და ვეცდები მოგახსენოთ, რა უნდა გავაკეთოთ საწყის ეტაპზე.

რეგიონალურ პოლიტიკაში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებულად უნივერსალური მოდელი, რომლის გადმოკოპირებასაც შეძლებენ სახელმწიფო მოხელე-მენეჯერები. ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ხედვა; ანალიტიკური აზროვნება და თამამი რეალური გადაწყვეტილებები; ქვეყნის ისტორიის, მომავლის სწორედ დანახვა და გეოპოლიტიკური მიზნების, ამოცანების სწორედ განსაზღვრა.

თუ დეცენტრალიზაციის კიდევ ერთი მცდელობა უმოქმედობით და კრახით დასრულდა, ეს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს.

აქედან გამომდინარე, დიდია პასუხისმგებლობა და იგი აუცილებლად მთავრობის პირველი პირის ხელდასხმით, მისი უშუალო ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კანცელარიაში რეგიონალური მმართველობის, თვითმმართველობის რეფორმის სამსახურის შექმნა, რომელიც აღიჭურვება ყველა იმ აუცილებელი უფლებამოსილებით, რაც კარგი ანალიზისათვის და რეფორმის დაწყებისათვის არის საჭირო. მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტი ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორთან, თვითმართველობის ფოკუსჯგუფებთან, რომელიც სოფლად განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას.

- ხშირად პროცესის დაწყების შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება ადგილებზე არაკომპეტენტური კადრები, საინტერესოა, თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე...

- სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეფორმა შეფერხდა, დაკარგა დინამიურობა, ყოველდღიურობის ელემენტი, თუმცა, არ მინდა, გადავვარდეთ პესიმიზმში, მით უფრო ახლახან დაანონსებული რეფორმის წინ.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას რეგიონებში, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა არიან გამონაკლისები, რომელთაც არ ეხება ის, რასაც ახლა ვიტყვი. ხელმძღვანელების უმეტესობამ არ იცის რა დაავალოს და როგორ აკონტროლოს თანამშრომლები, ზოგორ გამოიყენონ ზღვა მასალა, რომელსაც დიდი მონდომებით ქმნიან ჩვენი პარტნიორები, დონორი ორგანიზაციები.

შემიძლია მოვიყვანო ორი მაგალითი: სტრასბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ევროპის რეგიონალური მმართველობის დირექტორატის მიერ ჩვენთვის მომზადდა ხედვა დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების შესახებ 2013-2014 წლებში. ვერ ვიხსენებ ნამდვილად ამ დოკუმენტის გარშემო დისკუსიებს ან დავალებებს. მეორე - საკმაოდ მოცულობითი და საინტერესო კვლევა მომზადდა რეგიონების მიხედვით 2014- 2021 წლების სტრატეგიის შესახებ, რომელიც სხვათა შორის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, სამოქმედო გეგმად იქნა გადაცემული. სპეციალურად ვკითხულობ, ვინტერესდები და ამას არავინ არაფერში იყენებს...

- თქვენი აზრით, რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ, რას გვეუბნება ევროპული გამოცდილება?

- ევროპული რეგიონალური პოლიტიკის მთავარი სამოქმედო მიმართულება ეკონომიკური კონვერგენციის გარდა, არის ფართომასშტაბური რეფორმატორული ღონისძიებები გამიზნული კონკურენტუნარიანობის და დასაქმების ხელშესაწყობად სრულფასოვანი დარგობრივ-ანალიტიკური კვლევა, რომელიც სწორედ განსაზღვრავს რეგიონის შესაძლებლობებს, მის სპეციფიკას, რისკებს და უპირატესობებს, ასევე პერსპექტიულ განვითარებას ინოვაციებზე და ახალ ტექნოლოგიებზე გათვლით... თუნდაც დღეს მოქმედ აგროპროექტებს თუ გადავხედავთ, საქმეში ჩახედული კაცი მაშინვე მიგითითებთ, რომ დროა დაიწეროს რეგიონის, მუნიციპალიტეტის, მიკროზონის სპეციფიკაზე მორგებული პროექტები და არა მხოლოდ ცენტრიდან წამოსული ინიციატივების განხორციელებაზე ვიზრუნოთ. დიახ, ჩვენ სწორება გვაქვს ევროპასთან, რომლის რეგიონალური პოლიტიკა მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას არა წარსულის პრობლემების კომპენსაციით, არამედ მომავალი შესაძლებლობების და გამოუყენებელი პოტენციალის მობილიზებით.

- რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია თქვენ განიხილებოდით ქვემო ქართლის გუბერნატორის პოზიციაზე და უმეტესობა საინფორმაციო სააგენტოების და საქმეში ჩახედულთა აზრით იყავით უალტერნატივო, რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით?

- დიახ, მართალი ბრძანდებით, მე მზად ვიყავი ამ გამოწვევისთვის, რადგან კარგად ვიცნობ რეგიონს, მის შესაძლებლობებს, ხალხს... მაქვს განვითარების ჩემეული ხედვა როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვანიან პერსპექტივაში, თუმცა მე ვარ გუნდის წევრი და ვემორჩილები დღევანდელ რეალობას, იმ თამაშის წესს რაც არსებობს და ვაკვირდები პროცესს.

დასასრულ ვიტყვი, რომ გაცხადებულ, დაანონსებულ რეფორმას სჭირდება ახლებური მიდგომა, აქტიურობა, პილიტიკური პროგრამები და შესაფერისი კადრები. ჩვენ გვჭირდება დღეს რეალური ეკონომიკური სექტორის გაძლიერება ქვეყანაში და სწორედ ამ პოტენციალს გამოყენება ვერ ხერხდება რეგიონებში.

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)