რუსეთის საგარეო უწყება: "საქართველომ უნდა გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს" - კვირის პალიტრა

რუსეთის საგარეო უწყება: "საქართველომ უნდა გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს"

"საქართველომ უნდა გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში.

ჟენევაში მოლაპარაკებები 27-28 მარტს გაიმართა.

"მიუხედავად პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ, 9 მარტს გაკეთებული დამაიმედებელი განცხადებისა ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევის შესახებ, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ გამოსვლად აქციეს. დაამყარეს რა თავიანთი გამოსვლა "რუსული ოკუპაციის" თეზისზე, საქართველოს მხარე კვლავ შეეცადა რუსეთისთვის გადაებრალებინა საკუთარი უუნარობა სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: ჟენევაში დაიწყოს პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", შეწყვიტოს რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა საზღვარგარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე არ მიუღიათ.

ჟენევის მოლაპარაკებები რეგულარულად ტარდება 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. "ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას.რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"