"სადამ ჰუსეინის ცოლის სასახლეში ვიყავით დაბანაკებული" - ჯარისკაცის საინტერესო და აზარტული ცხოვრება
ოთხი სამშვიდობო მისია მოიარა - ორი ერაყში და ორიც - ავღანეთში; სამთო-სათხილამურო სპორტში უამრავი ჯილდო და თასი აქვს, ზოგი საქართველოში, ზოგიც - უცხოეთში, გასვლით ტურნირებზე. უამრავი მოტეხილობა და ტრავმა მიუღია, მაგრამ საბრძოლო და სპორტული არენიდან თითქმის ყოველთვის გამარჯვებული დაბრუნებულა. ასეთია ქართველი სამხედროს, ამირან ნიგურიანის საინტერესო და ხიფათით აღსავსე ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, ყველანაირი რისკი აზარტად აქცია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს...
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:
"2004 წელს, ცხინვალის მოვლენებში, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ძმა, გვარად ლომაძე დაიღუპა. მაშინ გადავწყვიტე სამხედრო ფორმის ჩაცმა... 2005 წელს უკვე მეორე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ იმავდროულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს მოვაწერე ხელი... 2008-ის დასაწყისში, ისევ ერაყში, ვაჰიდას პროვინციაში, ქლეარის ბაზაზე წაგვიყვანეს. ქლეარი ამერიკელი სამხედრო პირი იყო, რომელსაც ავღანელები სასტიკად გაუსწორდნენ. ერაყში ძალიან ახლო მეგობარი დამეღუპა, ბორჯომელი ბიჭი, გვარად მარგეივი. ამ წლების განმავლობაში ბევრი ომი ვნახე, მაგრამ ის დღე მძიმედ მახსოვს..."
"საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვფრინდით და მხოლოდ ნიქოზამდე მოგვიწია ჩასვლამ... არჩილ ტატუნაშვილიც ჩვენთან ერთად იყო ერაყში, პირველი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. საერთო მეგობრები გვყავდა და ბიჭებისგან ვიცი, რომ ძლიერი მეომარი იყო, რისკიანი, მაგრამ წინდახედული და ჭკვიანი. ყოველთვის ზრუნავდა მეგობრებზე, რაც ომში აუცილებელია... შემდეგ ავღანეთში წავედი და იქ 15 თვე გავატარე..."
"15 თვის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა მოვასწარი. პატრულირებისას აქლემებით მოსეირნე ბედუინებიც კი ვნახე, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა პაკისტანის საზღვრისკენ, პატრულირებისას მეგრელ მოლას გადავაწყდით. საბჭოთა კავშირი - ავღანეთის ომის დროს, 80-იან წლებში იყო წასული, საბჭოთა ჯარების ნაწილში მსახურობდა... "დამტვრეული" ქართულით გვესაუბრა..."
ჯარისკაცის თავს გადახდენილ საინტერესო ამბებს სრულად ჟურნალ "გზის" 29 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ლალი პაპასკირი