სვანეთში "მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება
მესტიის მოსახლეობა "მესტია-ჭალა ჰესის" მშენებლობას კვლავ აპროტესტებს. ადგილობრივები, რომლებმაც გუშინ გზა გადაკეტს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს, დღესაც ადგილზე რჩებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზურა ნიჟარაძემ განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობა სვანეთში საფრთხისშემცველი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას არ შეეგუება. მისივე ინფორმაციით, გუშინ იყო შემოთავაზებები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ბეტონით დატვირთული მანქანები გაეტარებინათ, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს.
"მე გუშინ გვიან შევუერთდი აქციას და დღეს თორმეტი საათისთვის ველოდებით ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციას, რათა ერთობლივად გადავწყვიტოთ, რა როგორ გავაკეთოთ. ყველამ ერთხმად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჰესების მშენებლობა რომ შეჩერდება, ეს ფაქტია, მაგრამ მანქანების გატარება-არ გატარებაზეა საუბარი. იყო შემოთავაზებები, რომ ცემენტით დატვირთული მანქანები გაგვეტარებინა. გვითხრეს უბრალოდ დაცლიან მანქანებს და გამობრუნდებიან, მშენებლობას შევაჩერებთო. შეგვპირდნენ, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შეგვახვედრებდნენ, თუმცა იმდენჯერ მოვტყუვდით, რომ უკვე არ გვჯერა, ამიტომ მოლაპარაკებაც არ შედგა. ინვესტორი არ გამოჩენილა საერთოდ. ვხედავთ, რომ ინვესტორის ფუნქციას სახელმწიფო კისრულობს და იღებს თავის თავზე. ვფიქრობ, რომ ეს მანქანები გაბრუნდებიან და ერთი თვით შეჩერდება ამ ჰესის მშენებლობა. ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ მოვიყვანთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებიც შეისწავლიან აქ არსებულ ვითარებას. ჩევენ კი ვიცით, რომ ეს პროექტი ყველანაირად წამგებიანია და არაფრის მომცემია რაიონისთვის", - განაცხადა ზურა ნიჟარაძემ.
მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მშენებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ.
"ინტერპრესნიუსი"