"მელანოს შეთქმულების თეორია"
რუსეთმა ფაროსანა ქართულ "ბიოლოგიურ იარაღად" გამოაცხადა
"შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ აზიური ფაროსანა, რომელიც აფხაზეთშია გავრცელებული, ბიოლოგიური დივერსიის მიზნით საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს", - განაცხადა რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა იულია მელანომ და იქვე აღნიშნა, რომ რუსული მხარე არ გამორიცხავს, საქმე ეხებოდეს გარკვეული ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას, რადგან საქართველოში რამდენიმე ბიოლაბორატორია მათთვის გაურკვეველ საქმიანობას ეწევა.
შეთქმულების თეორიები რუსეთისთვის დამახასიათებელია და ეს არავის უკვირს, თუმცა რუსების ფანტაზია უფრო შორს მიდის და ისინი ქართულ მხარეს ფაროსანას დივერსიული მიზნით გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ვახტანგ გეგეჭკორი, ექსპერტი: - ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, რთულია რუსეთის ამ არაადეკვატურ განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა. ახლა ის უფრო მაინტერესებს, დიდხანს იფიქრეს თუ სპონტანურად გაუჩნდათ აზრი, რომ ფაროსანა აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს ბიოლოგიურ იარაღად გამოეცხადებინათ.
ეს იმ ისტორიას ჰგავს, წლების წინ რუსეთის სანიტარიული სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ რომ განაცხადა, რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოს დაგეგმილი ეკონომიკური დივერსიის შედეგიაო. ონიშჩენკო რუსეთის მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ღორის ჭირი შემთხვევით არ გავრცელებულა, ის საქართველომ დაგეგმა ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემების შესაქმნელადო.
რთულია, დასვა დიაგნოზი, რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ მათი ბრალდებები საღ აზრს არის მოკლებული, თუმცა, ბუნებრივია, როგორი არასერიოზული განცხადებაც უნდა გაავრცელონ, ყოველთვის უნდა გვქონდეს პასუხი და მისასალმებელია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც სპეციალურ განცხადებაში სწორედ რუსული მხარის არაადეკვატურობაზე მიუთითა.
- მით უფრო, ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაროსანა სწორედ ოკუპირებული აფხაზეთიდან გავრცელდა...
- რა თქმა უნდა, მავნებელი ჩვენთან აფხაზეთიდან შემოვიდა. იქ ახლაც საგანგაშო ვითარებაა, რადგან არავინ ცდილობს, გლეხებს მავნებელთან ბრძოლაში დაეხმაროს. თანაც, ჩვენ რა სამუშაოებიც უნდა ჩავატაროთ, უდიდესი საფრთხეა, ის ფუჭი აღმოჩნდეს, რადგან მავნებელი ისევ შემოვა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ეს შეიძლება დაუსრულებელ ციკლად გვექცეს.
სანამ აფხაზეთამდე მოაღწევდა, ჩინეთიდან შევიდა სოჭში, სადაც ოლიმპიადისთვის ხემასალა სწორედ ჩინეთიდან შეიტანეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ათ წელიწადზე მეტია, ის თავსატეხად ექცა მსოფლიოს, მათ შორის - ამერიკას, იტალიას, ავსტრიას, სხვა ევროპულ სახელმწიფოებს და... რუსეთსაც. მაგალითად, აშშ-ში ფაროსანას მიყენებულმა ზარალმა ერთ წელიწადში 20 მილიარდი დოლარი შეადგინა და რუსეთი ახლა აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკელებმა ფაროსანა ხელოვნურად გამოიყვანეს თავისივე ეკონომიკის დასაზიანებლად?! წარმოგიდგენიათ, როგორი აბსურდია?! ვფიქრობ, გასაგებია, რა მიზანსაც ემსახურებოდა ეს განცხადება - ალბათ, რუსულ მხარეს აქვს იმედი, რომ აფხაზეთში ვიღაც საკუთარ უუნარობას სწორედ ქართული მხარის დივერსიას დააბრალებს. მით უმეტეს, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთმა აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ბარგით ან ხელბარგით შეტანა აკრძალა. რუსულ მედიაში დაიწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროებას უკავშირდება.
ეს დამანგრეველი იქნება აფხაზეთში მცხოვრები გლეხებისთვის და საეჭვოა, მათ ირწმუნონ იულია მელანოს შეთქმულების თეორია. მეტიც, აფხაზეთში ფაროსანას გაღვიძებასთან ერთად, არ არის გამორიცხული სოციალური აფეთქებაც - მშიერი მოსახლეობა ყოველთვის საშიშია ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით - ოკუპანტისთვის.
რუსუდან შელია