ვინც საკუთარი წიგნის გამოცემაზე ოცნებობთ, კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი, ოცნება რეალობად აქციოთ - კვირის პალიტრა

ვინც საკუთარი წიგნის გამოცემაზე ოცნებობთ, კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი, ოცნება რეალობად აქციოთ

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ისთვის განაცხადების მიღება 15 მარტიდან დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სახალხო პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ისთვის განაცხადების მიღება 15 მარტიდან დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება. მათ, ვისაც წერა გიყვართ, ფიქრობთ, რომ საინტერესოდ გადმოსცემთ ამბავს და საკუთარი წიგნის გამოცემაზე ოცნებობთ, კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი, ოცნება რეალობად აქციოთ - კონკურსი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენც გახდეთ ბესტსელერის ავტორი. ორ კვირაზე მეტია, რაც კონკურსი დაიწყო და მითითებულ ელექტრონულ მისამართზე უკვე ასობით განაცხადი გაკეთდა. შეგახსენებთ, კონკურსზე უნდა წარადგინოთ თქვენი დაწერილი, გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოების (რომანი) პირველი რამდენიმე თავი (ტექსტი უნდა შეადგენდეს 20-დან 30-მდე წორდ-ის გვერდს). მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ჟანრს აირჩევთ, ამბის მოსათხრობად არც ლიტერატურული წიაღსვლებია აუცილებელი. მთავარია, ამბავი და თხრობის სტილი იყოს საინტერესო. ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური - თავად მკითხველი შეაფასებს. თუმცა, კონკურსს პროფესიონალი ჟიურიც ჰყავს, რომელთა ვინაობაც კონფიდენციალურია. კონკურსის დეტალებზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გვიამბობს:

- "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" უკვე მეორე კვირაა განაცხადებს აქტიურად იღებს. მას შემდეგ, რაც ნამუშევრები გამომცემლობის ფილტრს გაივლის, 20 აპრილიდან მკითხველებსაც შეეძლებათ ვებგვერდზე გაეცნონ საკონკურსო ნამუშევრებს და მხარდაჭერა ხმის მიცემით გამოხატონ. წლევანდელ კონკურსში მთავარი მაინც ის არის, რომ ველოდებით გამოცდილ მონაწილეებსაც და ვფიქრობთ, რომ მათი აქტიურობაც განსხვავებული იქნება. თუ შარშან კონკურსანტებს და ზოგჯერ ჩვენც გვქონდა კითხვის ნიშნები კონკურსის მიმდინარეობის შესახებ, წელს აბსოლუტურად დაცული ვართ ყოველგვარი ხარვეზისა და ეჭვებისგან. რაც მთავარია, კონკურსანტებს შევუქმნით ყველა პირობას, რომ კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ გაიარონ და მოიპოვონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი მათ ცხოვრებაში - გახდნენ ბესტსელერის ავტორი. მოგეხსენებათ, ეს სტატუსი უკვე მოიპოვა ოთხმა ახალგაზრდა დამწყებმა ავტორმა, რომელთათვისაც გამომცემლობა "პალიტრა L"-თან თანამშრომლობა წარმატების მომტანი აღმოჩნდა. წელს ველოდებით არა მხოლოდ დამწყებ ავტორებს, არამედ მათაც, ვინც უკვე გამოსცეს საკუთარი ნაწარმოები, თუმცა ისეთი გამოცდილი და მასშტაბური გამომცემლობის დახმარება სჭირდებათ, როგორიც "პალიტრა L"-ია.

- რატომ იქნება საინტერესო კონკურსში მონაწილეობა უკვე გამოცდილი მწერლებისთვისაც?

- იმისთვის, რომ ნიჭიერი ავტორები ფართო აუდიტორიამ, სრულიად საქართველომ გაიცნოს, "პალიტრა L"-ი ყველა რესურსს გამოიყენებს. ამაში ნებისმიერი დარწმუნდება, თუ თვალს გადაავლებს იმ აქტივობებს, რომელიც შარშან განვახორციელეთ კონკურსში გამარჯვებულების მხარდასაჭერად.

ასე რომ, მოვუწოდებთ ყველა ავტორს, ჩაერთონ კონკურსში. მოგეხსენებათ, წელს 18 წლამდე შევზღუდეთ კონკურსანტთა ასაკი. ბუნებრივია, მისასალმებელია, რომ მოზარდებსაც უჩნდებათ მსგავს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თუმცა, ვფიქრობ, ასეთი მასშტაბის კონკურენციისთვის ეს მაინც ნაადრევი ასაკია, ზრდასრულებს კი საერთოდ არ ეხებათ შეზღუდვა არც ჟანრობრივად და არც ნაშრომის მოცულობის თვალსაზრისით.

კონკურსანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი კონკურსში ჩართვამდე გამომცემლობის მკაცრ ფილტრს გაივლიან - შესაძლოა ყველა განაცხადი ვებგვერდზე ვერ მოხვდეს, თუ მასში არ იქნება საინტერესო თხრობა ან რომელიმე სხვა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს. მკითხველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს საუკეთესო და არ დაიღალოს მდარე ნამუშევრის კითხვით.

ასე რომ, წელს ნამდვილად მაღალი სტანდარტი დავაწესეთ, ნაშრომებს კი მკაცრი და ობიექტური ჟიური შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, კონკურსის დასრულებისას მკითხველს მართლაც მაღალი ხარისხის კიდევ რამდენიმე ნამუშევარსა და ნიჭიერ ავტორს გავაცნობთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, გამომცემლობისთვის, რომელიც დაინტერესებულია ახალი, საინტერესო ავტორების მოძიებით, არამედ ქართული ლიტერატურის განვითარებისთვისაც.

20 აპრილიდან კონკურსანტთა ნამუშევრები განთავსდება ვებგვერდზე პალიტრალ.გე/კონკურსი.

რუსუდან შელია