როგორ გადაარჩინა აჩიკო სოლოღაშვილმა "სამოთხის ფრინველი"
"ნება რომ მომცენ, თბილისში სახურავებს გავამწვანებდი"
არაერთ ცნობილ ადამიანს უამბია ჩვენთვის, როგორ უყვართ მცენარეები და როგორ უვლიან მათ. ამჯერად მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს ვესტუმრეთ და მისი ოთახის მცენარეები დავათვალიერეთ. მათ სულიერებივით ესაუბრება, ისინი კი პატრონს, მადლიერების ნიშნად, სილამაზით ატკბობენ...
აჩიკო სოლოღაშვილი: - ბავშვობაში უფრო კაქტუსები მიყვარდა, მაგრამ მერე ეს სიყვარული გამინელდა. ისე, ფენშუის მიხედვით, ჯობია, კაქტუსი სახლში არ იყოს, მაგრამ მაინც ვახარებ. ერთ ზაფხულს ასეთი რამ მოხდა - ბებიას დავუტოვე და რომ ჩამოვედი, გაფუჭებული დამხვდა. ბებიამ ჩათვალა, რომ ბევრი წყალი მოუხდებოდა და...
ბოლო 2-3 წელია, განსაკუთრებით მომწონს სახლის მცენარეები, მოყვავილე მცენარეები ნაკლებად, უფრო მასიურები. ცამეტი მცენარე მაქვს, მეთოთხმეტე ორქიდეაა და მხოლოდ ის არის მოყვავილე. სამნაირ დრაცენას ვუვლი. ორი სახლის ფიკუსია, აგლაონემა, ზამიოკულკასი, ბამბუკი, იუკა და ორი სხვადასხვა სახის ხვიარა. პირველი მცენარე ჩემს სახლში დრაცენა იყო. ძალიან მომეწონა და დავინტერესდი, რამდენი სახეობა შეიძლება ყოფილიყო და გავამრავლე...
ფიკუსი საქართველოში უკვე ცნობილი მცენარეა, პრაქტიკულად, დიდფოთლოვანი ხეა ქოთანში. რაც მომწონდა, ვცდილობდი, დამემახსოვრებინა მათი სახელი. ჩემი მცენარეების სახელები ხომ უნდა ვიცოდე? ზოგიერთს ცოტა ძნელად გამოსათქმელი სახელწოდება აქვს, ენის გასატეხივით, მაგრამ თუ დამავიწყდა, ტელეფონში ჩავიხედავ და გავიხსენებ.
ძალიან მიხარია, როცა მცენარე ხარობს და მისი მოვლა ასე მიფასდება. ეს ყველაფერი ცოტა ხიბლშიც მაგდებს.
- ზოგიერთი ამბობს, ქოთნის მცენარეს ვერ გავახარებ, მცენარე ჩემთან კვდებაო.
- შეუძლებელია ვინმემ ვერ გაახაროს. დღე არ გადის, მცენარეებს არ ვესაუბრო. ხანდახან ვფიქრობ, ვიღაცას გიჟი არ ვეგონო, ასე რომ ვეფერები-მეთქი - ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო. ხშირად სველი დოლბანდით ვუპრიალებ ფოთლებს.
ერთი მცენარე ცოტა ხნის წინ კვდებოდა, ამ მდგომარეობაში დაახლოებით წელიწად-ნახევარი იყო და მხოლოდ ახლა გამოვაცოცხლე. მას "სამოთხის ფრინველს" ეძახიან. სახლის პირობებში ძალიან იშვიათად ყვავილობს. ახლა მის გაყვავილებას ველოდები.
- რა დაემართა?
- მოიწყინა, ფოთლები დასცვივდა. სახლიდან გარეთ გასატანადაც მენანებოდა. მერე გადავრგე და რომ არ ველოდი, გაიღვიძა, გამოცოცხლდა და ფოთლების გამოტანა დაიწყო.
- მცენარეების მოვლას რა დროს უთმობთ?
- განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. სირთულეც არაფერია, ადამიანმა რომ ვერ შეძლოს. რაც უნდა დაკავებული იყო, მაინც გაართმევ თავს. ცუდად ნუ გამიგებთ და, ეჭვი მეპარება, ჩემზე და ჩემს მეუღლეზე დაკავებული კიდევ ვინმე იყოს, მაგრამ მცენარეებისთვის მაინც ვიცლით. არ მიაქვს დიდი დრო. 10 წუთი დღეში რა არის? ამ დროის გამონახვა ნებისმიერს შეუძლია... ვინც ამას არ აკეთებს, ჰგონია, რომ მცენარე თავისით გაიზრდება. თუ წყალი არ დაუსხი და სასუქი არ მიახმარე, ცოტა არ მოეფერე, არაფერი გამოვა. ზოგს პირდაპირი მზე უყვარს, ან ნახევრად მზიანი ოთახი და ამის მიხედვით ვარჩევ. ხშირად სახლში მცენარეებს შეუსაბამო ადგილებში დგამენ. მე ვცდილობ, ის მცენარე მქონდეს, რომელიც გაიხარებს.
- ფაქტობრივად, მცენარეებს "ასულიერებთ".
- ისინი ხომ სულიერი არსებები არიან? სუნთქავენ და მახალისებენ. მეც, როგორც შემიძლია, პატივს ვცემ. გასანოყიერებლად მიწას ვყიდულობ, ისეთი მიწაა, ყველაფერს შეიცავს - მინერალებს, ელემენტებს, რაც მცენარეს სჭირდება. რა თქმა უნდა, დრენაჟსაც ვუყრი, პემზას ან ჩვეულებრივ კენჭებს, როცა გადავრგავ. რომელიმე ქოთანი რომ მბეზრდება, მაშინ ვუცვლი ნიადაგსაც.
- 2-3 წელიწადში ნიადაგის გამოცვლა უნდა.
- კი, ფესვებმა თავისუფლად რომ ისუნთქოს. მაგალითად, დრაცენას არ აქვს ისეთი ფესვთა სისტემა, რომ ხშირად იყოს მიწის გამოცვლა აუცილებელი, თუმცა გაფხვიერება ყველა მცენარეს უხდება.
- აივანზე არ დგამთ მცენარეებს?
- აივანი გვაქვს, მაგრამ სახლის ადგილმდებარეობაა სხვანაირი, თან, ქარიანია და შეიძლება გააფუჭოს. ცოტა მეშინია კიდეც, მე-14 სართულიდან გადავარდნილმა ქოთანმა დაბლა რამე საფრთხე არ შექმნას.
- სად ყიდულობთ მცენარეებს?
- ერთი ამოჩემებული მაღაზია არა მაქვს, თუმცა მყავს ნაცნობ-მეგობრები, ვისაც ვენდობი, ვის აზრსაც ვითვალისწინებ.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეიძლება მცენარეების მოყვარულებს ვუთხრათ?
- ჩემთვის ეს მწვანე სამყარო უპირველესად დადებითი განწყობაა. როცა შინ მოვდივარ, ცოცხალი არსებები მხვდებიან. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს ყველაფერი რთული არ არის. თუ არ გვეზარება და გვიყვარს მცენარე, შეუძლებელია ვერ გაახარო, ამას დიდი დრო არ უნდა და ხელმისაწვდომიც არის. არის ადგილები, სადაც მცენარეები იაფად იყიდება. რაც შეეხება ქოთნებს, როცა არ მქონდა, რამდენიმე ვედროშიც კი ჩავრგე. თუ მოიფიქრებ და ცოტა კრეატივსაც ჩართავ, ყველაფერს მოახერხებ. ამიტომ არ მჯერა, როცა ამბობენ, ვერ გავახარეო.
- ბოლო დროს უფრო ზრუნავენ გარემოზე, მაგრამ პრობლემები მაინც არის.
- კი, რაღაცები შეინიშნება. ბედნიერი ვიქნები, თუ თბილისს დაუბრუნდება ის სიმწვანე, რაც ჰქონდა. არ ვიცი, ხეების ჩასარგავი ადგილი გამოინახება თუ არა, თუმცა გამწვანება კარგი კი არა, აუცილებელია. საშუალება რომ მქონდეს და ნებას თუ მომცემდნენ, სახურავებსაც გავამწვანებდი. კარგია და მივესალმები ადამიანებს, ვინც ამ საქმეს სერიოზულად ეკიდება.
ლალი ფაცია