ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე, ცრუ ჩვენებაზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმაზე, დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება?
ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე, ცრუ ჩვენებაზე, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმაზე, დანაშაულის დაფარვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და “სისხლის სამართლის კოდექსით“ განსაზღვრული სანქციები გამკაცრდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით სს კოდექსის 370-ე, 371-ე, 375-ე და 376-ე მუხლების გადახედვის ინიციატივით გამოდის. პროექტი განსახილველად მზად არის და მსჯელობა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
დღეს მოქმედი სს კოდექსი მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმაზე (მუხლი 371) ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას - ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით - ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე. მომზადებული პროექტით, აღნიშნულ ქმედებაზე სანქციის სახით, თავისუფლების 6-წლამდე ვადით აღკვეთა დგინდება.
გარდა ამისა, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე სანქციის სახით ჯარიმა აღარ იქნება გათვალისწინებული, თავისუფლების აღკვეთის ვადები კი, გაიზრდება.
“სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
"ინტერპრესნიუსი"