"ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა დაუმსახურებლად ესროლეს სასამართლოს ქვები და პოლიციას - ტალახი.
"რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა, დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.
მისი თქმით, "თეთრმა ხმაურმა" და პლატფორმამ, რომელიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ჩართვას ცდილობს, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
"ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ. ბარიგებად მოხსენიებულნი და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები მზად იქნება“, - დასძინა დეპუტატმა.
ვანო ზარდიაშვილის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.