ოზურგეთის რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები დაუზიანა და ხეები მოგლიჯა
ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა.
მერიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთს რამდენიმე უბანში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფება. მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს ხვალ დაითვლის.
"ძლიერ ქარმა დაბა ნარუჯასა და დაბა ნასაკირალში მრავალბინიან კორპუსებს სახურავის ნაწილი გადახადა. მოთხრილია ხეები და დაზიანებულია გაზის მილები. ქარმა პრობლემები სოფელ მთისპირსა და ნაგომარში შექმნა. ადმინისტრაციულ შენობებსა და კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. პრობლემებია სოფელ ოზურგეთსა და ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებზე. იაკობ შემოქმედის, წულუკიძის, ბესიკის, აღმაშენებლის და ჩოხატაურის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ხვალ მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის. ამ დროისთვის ოზურგეთში ძლიერი ქარია",- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.
"ინტერპრესნიუსი"