გიორგი გიორგანაშვილი: "არანაირ კომპრომისმზე არ ვაპირებ წასვლას"
არანაირ კომპრომისმზე არ ვაპირებ წასვლას, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ბრალდებულის თქმით, ის აუცილებად ეცდება "ავადმყოფური სისტემა" დაასრულოს.
"არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც უსამართლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს. აუცილებად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა", - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.
დღეს წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა, სასამართლო სხდომა 21 მაისს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს "კატასტროფის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.
გიორგანაშვილს ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.
"ინტერპრესნიუსი"