როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს
ცოტა გვიან გავთხოვდი - 27 წლის. როგორც ყველას, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით და ვერაფერი დაგვაშორებდა მე და ჩემს ქმარს.
ბედნიერც ვიყავი წლების განმავლობაში, სანამ ერთ მშვენიერ დღეს შინ ნასვამი არ დაბრუნდა და მითხრა:
- ახლა არ ჩავარდე ისტერიკაში, ფეხების ბაკუნი არ დაიწყო, სხვა მიყვარს და სახლიდან მივდივარო. შოკში ჩავვარდი, რადგან ეჭვიც კი არასოდეს შემპარვია მის ერთგულებაში. ვერც კი წარმომედგინა, რომ სხვაზე ფიქრი შეეძლო, ღალატზე აღარაფერს ვამბობ. წარმოიდგინეთ, როგორი მსახიობური ნიჭი აღმოაჩნდა...
ხმა არ ამომიღია, ისე დავტოვე სამზარეულოში და საძინებელში გავედი. დილით სამსახურში რომ წავედი, ის ჯერ კიდევ სახლში იყო - დივანზე ეძინა. დაბრუნებულს აღარც თვითონ დამხვდა და აღარც მისი ნივთები. სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, მისი იყო, მაგრამ ჩვენ დაგვიტოვა და წავიდა...
კარგა ხანს ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა... მერე შევეგუე. მთელი 2 თვე არ გამოჩენილა. არც ბავშვები უნახავს და არც შეგვხმიანებია. შემდეგ უფროსი გოგონასთვის სკოლაში მიუკითხავს, უმცროსისთვის - ბაღში. არც ამაზე მქონია რეაქცია. მატერიალურად მანამდეც დამოუკიდებელი ვიყავი - მასზე მეტს მე გამოვიმუშავებდი და არ გამჭირვებია ქმრის გარეშე ცხოვრება. ახალი წლის ღამეს დამირეკა და სტუმრად მოსვლის უფლება მთხოვა. უარი არ ვუთხარი, მაგრამ ახალ ცოლსაც თუ მოიყვანდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდი.
ჩვენი დაშორებიდან 8 თვე იყო გასული და მისგან მოყენებული ჭრილობები თითქმის მოშუშებული მქონდა... უკაცრავად, მაგრამ - ფეხებზე მეკიდა თვითონაც და მისი საქციელიც. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როგორ შემეძლო ასე ჩუმად გადამეყლაპა შეურაცხყოფა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. მისი ცოლის შესახებაც ჩემი მეგობრები იგებდნენ ამბებს და მიყვებოდნენ. დავიფიცებ, რომ არ დავინტერესებულვარ, ვინ იყო ის ქალი, ვინც მე მამჯობინა. მისი წასვლის მერე ყველაფერი სულ ერთი გახდა. აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ლამაზი იყო თუ არა? განათხოვარი იყო თუ არა? მთავარი ის იყო, რომ ჩემმა ქმარმა მასთან ცხოვრება არჩია... გაგრძელება