რატომ იყვნენ მობილიზებული ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები? - კვირის პალიტრა

რატომ იყვნენ მობილიზებული ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები?

ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უწყებაში შეტყობინება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან შევიდა.

"მუშებს თვითნებურად პატარა ხომალდები გაჰყავდათ ზღვაში და გზას ხერგავდნენ, რათა პორტიდან გემის გასვლაში ხელი შეეშალათ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპირტო კომუნიკაციის ბლოკირებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

როგორც აქციის მონაწილე იმედა დოლიძე ამბობს, ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელობამ პორტში გემების "ბუქსირებისთვის" ყულევის პორტიდან გემები გამოიძახა, რის საშუალებასაც პორტის თანამშრომლები არ მისცემენ, რადგან მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

"ამ დროისთვის სიტუაცია დაძაბულია. ჩვენი პორტის ფლოტი მომსახურებაზე უარს ამბობს და სოლიდარობას გვიცხადებს, რის გამოც ყულევის ფლოტოდან "ბუქსირები" გამოიძახეს, თუმცა იციან, რომ ჩვენ არ შემოვუშვებთ ჩევნი პორტის აკვატორიაში. პოლიცია არის მობილიზებული. პორტში 11 გემია, რომლის გაყვანაზე ფლოტის თანამშრომლები უარს აცხადებენ",- აღნიშნა იმედა დოლიძემ.

ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მეორე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათ სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ. თავის მხრივ საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რეორგანიზაცია არ მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"