როგორ იყენებს ირანი რელიგიას საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად?! - რას წერს არაბული გამოცემა?
ცნობილი არაბული გამოცემა «Al Arabiya» (არაბთა გაერთიანებული ემირატები), აქვეყნებს სტატიას, სათაურით: როგორ იყენებს ირანი რელიგიას საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად, რომლის ავტორიც პოლიტოლოგი ალი გაჯიზადეა, გთავაზობთ სტატია მცირე შემოკლებით.
მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ანალიტიკური ცენტრები ბევრს წერენ ირანის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ირანის ჰეგემონისტური ტენდენციები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ღრმად უნდა იქნეს შესწავლილი. მაგრამ ძალიან ცოტა გაზეთი ან კვლევითი ორგანიზაცია თუ წერს იმაზე, თუ როგორ მატულობს ირანის ჩარევა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც სამი მნიშვნელოვანი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო მდებარეობს: საქართველო, რომელსაც რთული ურთიერთობები აქვს რუსეთთან და იმავდროულად ევროპული ინტეგრაციის გზაზე დგას; სომხეთი, რომელიც რუსეთისა და ისრაელის მოკავშირეა (საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანები არიან) და აზერბაიჯანი, სადაც ირანის შემდეგ ყველაზე მეტი მუსლიმანი შიიტი ცხოვრობს.
მისიონერული გავლენა
სამხრეთ კავკასიის რეგიონის ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყანა თეირანისთვის განსაკუთრებულ ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. ამასთან, ირანის ხელისუფლება სამხრეთ კავკასიაში შედარებით უფრო ფრთხილად და შერჩევით მოქმედებს, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში და ამას თავისი მიზეზები აქვს.
ამ სტატიაში განვიხილავთ ირანის მიდგომები საქართველოს მიმართ, რომელიც სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანას წარმოადგენს. 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა (იმ ტერიტორიების ჩაუთვლელად, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს), 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ ქვეყანაში ძირითადად ორი მულიმანური თემი ცხოვრობს: აზერბაიჯანელები (სამხრეთ საქართველოში) და აჭარელთა ნაწილი (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში), რომლებიც გამუსულმანებული ქართველები არიან.
საქართველოში ირანის დაინტერესებას იწვევს იქ მცხოვრები აზერბაიჯანელები, რომელთა უმრავლესობა შიიტურ მიმდინარეობას აღიარებს (უფრო მცირე ნაწილი სუნიტები არიან). საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანელებს საქართველოს მოსახლეობაში, ეთნიკური თვალსაზრისით, რაოდენობით მეორე ადგილი უკავიათ, ქართველების შემდეგ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ირანის გავლენა ბორჩალოში (აზერბაიჯანელთა კომპაქტური დასახლების რეგიონში) აშკარად შესამჩნევია. ზოგიერთი ქართველი და აზერბაიჯანელი სერიოზულადაა შეშფოთებული ირანის მისიონერული და პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგებით: დღეს სუნიტ აზერბაიჯანელებს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ შიიტ აზერბაიჯანელებთან, რომლებიც ისლამის ირანული ვერსიის ერთგულები არიან.
საყურადღებოა, რომ ირანიდან ჩასული რელიგიური მქადაგებლები ყოველთვის არ ეწევიან მშვიდობის ქადაგებას. მათი რაოდენობა საქართველოს აზერბაიჯანელთა მეჩეთებში თანდათან იზრდება: 2011 წლიდან ირანელი რელიგიური მსახურების რაოდენობა და მათი მისიონერული საქმიანობა ქართველ შიიტებში მკვეთრად გააქტიურდა. გარდა ამისა, ირანის მიმართ არის ეჭვი, რომ თეირანი საქართველოს ევროპაში ნარკოტიკების გადასატან მარშრუტად იყენებს.ირანის გავლენა უმთავრესად ვლინდება სხვადასხვა უფასო ღონისძიებებში - ტრენინგების ჩატარებაში, სკოლების გახსნაში, ახალგაზრდების გაგზავნა სასწავლებლად ირანში (რელიგიური განათლების მისაღებად), პროირანული სარეკლამო ლიტერატურის გავრცელებაში (მათი ნაწილი აზერბაიჯანშიც იგზავნება), სხვადასხვა პროირანული ორგანიზაციების (Ahl ul-Bayt, Alul Bayt, Ali Hikmet და ა.შ.) საქმიანობის დაფინანსებაში და იმ ღონისძიებების გამართვაში, რომლებიც აშურას უკავშირდებიან.
აქტიურად მოქმედებენ აგრეთვე პროირანული საიტები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, მაგალითად - ahlibeyt.ge, mgeo.ge. ეს ორი ვებსაიტი დარეგისტრირებული ქართულ დომენურ ზონაში და ორივე დაბალხარისხოვანია (რაც სამხრეთ კავკასიაზე გამიზნული პროირანული პროპაგანდისტული საიტების საერთო სენია), თუმცა აგიტაციას მაინც ეწევიან.
საქართველოს ხელისუფლება ირანთან კოჰორტაში?
საინტერესოა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების მიმართ: აშკარაა, რომ ირანი ისე ვერ შეძლებდა ამგვარი საქმიანობის გაშლას, ოფიციალური თბილისის ჩუმი თანხმობა რომ არ ყოფილიყო. ნიშანდობლივია, რომ 2011 წელს საქართველოს ხელისუფლების წაყრუებით ან თანხმობით დაარსდა „საქართველოს მუსულმანთა კავშირი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციად ითვლება. მისი მიზანია „ქვეყანაში არსებული ისლამური თემებისა და მეჩეთების მონიტორინგი“. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეჩეთები ფორმალურად კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს (ცენტრით ბაქოში) პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდნენ. ბაქოში ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასეს - ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანის მუსულმანებისა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მუსულმანების შორის განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობსო.
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ აზერბაიჯანის გავლენა შეემცირებინა ადგილობრივ ბორჩალოელ აზერბაიჯანელებზე და კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს ავტორიტეტი შერყეულიყო. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძველი ზომიერი აპოლიტიკურ კლირიკთა (რელიგიის მსახურთა) შეცვლამ ირანის ინტერესების გამტარებელი „ცოფიანი“ აპოლოგეტებით შეიძლება ისეთი პრობლემები წარმოქმნას, რომლებიც საქართველოს სტაბილურობას მომავალში საფრთხეს შეუქმნის.
ვფქირობთ, რომ ირანის აქტიური მისიონერული საქმიანობა ევროპასთან ინტეგრაციის მსურველ საქართველოსთვის მაინცდამაინც სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში (შენგენის ზონაში) უვიზოდ შესვლის უფლება მიეცათ. ცხადია, ამ უფლებით სარგებლობა საქართველოს იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, რომლებიც ირანის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი და რომლებმაც რელიგიური განათლება ირანში მიიღეს. ეს ძალზე შემაშფოთებელია. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში ირანის აგენტებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. და თუ თბილისი ამაზე თვალს ხუჭავს, ვფიქრობ, დასავლეთმა ამ ფაქტს სერიოზულად უნდა შეხედოს.
სანქციების დარღვევა საქართველოს მეშვეობით
თეირანს საქართველო კიდევ იმისთვის აინტერესებს, რათა ე.წ. „შავი ხვრელით“ ისარგებლოს, საერთაშორისო სანქციებისაგან თავის არიდების მიზნით. პირველი სანქციების შემოღების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ მთელი ინფრასტრუქტურა შექმნა, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებენ და იქაურ არხებს იყენებენ ემბარგოს გვერდის ავლისათვის. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა სწორედ საქართველოა.
ირანის ეკონომიკური ექსპანსიის საკითხი სამხრეთ კავკასიაში არც ისე მარტივია. დასავლეთის გარკვეულ წრეებში არის ისეთი განწყობა, რომ ირანი და რუსეთი მოკავშირეები არიან, მაგრამ ეს სინამდვილეში მთლად ასე არ არის. რუსეთისთვის ხშირად დიდად სასიამოვნოა არაა ირანთან თანამშრომლობა, ცდილობს გაემიჯნოს მას და რიგ საკითხებში თეირანის მარგინალიზებას ახდენს. მოსკოვ-თეირანის კონკურენციის ერთ-ერთ ასეთ რეგიონს სწორედ სამხრეთი კავკასია წარმოადგენს. არსებითად, დღეს რუსეთი ცდილობს ირანი მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში არ დაუშვას.
მთლიანობაში ირანის საქმიანობა საქართველოში - როგორც ეკონომიკური, ასევე მისიონერული თვალსაზრისით, უნდა განვიხილოთ ირანის სტრატეგიის კონტექსტში, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში მისი გავლენის გაძლიერებას გულისხმობს. (წყარო)
თარგმნა სიმონ კილაძემ