ჟღენტის დღემდე დაუძლეველი რეკორდი და ყიფიანის გარშემო მბრუნავი სამყარო
გასული კვირა ქართული სპორტისათვის განსაკუთრებით ბარაქიანი გამოდგა: რაგბიში 18 წლამდელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა, კონტინენტის პირველობაზე ჩვენმა ძალოსნებმა 10 ოქროსი, 3 ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს, ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ვაჟთა შვიდი წონიდან ხუთში ქართველმა ფალავნებმა იმარჯვეს, კრივში 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე კი ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი ავიღეთ.
სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს თანამემამულე ათლეტები სპორტის სხვადასხვა სახეობებში არაერთი წარმატებით გვანებივრებენ. საქართველო ყოველთვის ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ქვეყანა იყო და ამ მხრივ მსოფლიოს არაერთ განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას ტოლს არ უდებს.
გადავწყვიტე, დღევანდელ "სპორტულ" ბლოგში რამდენიმე ცნობილი ქართველი სპორტსმენი გაგახსენოთ. შევავლოთ თვალი მათ მიღწევებს და ასევე კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ქართველებს ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შეგვიძლია.
გაგიკვირდებათ და, სპორტის ისტორიაში არსებობს ერთი მსოფლიო რეკორდი, რომელიც დღემდე მოუხსნელია და ვერც ვერასოდეს გააუმჯობესებს ვინმე. ეს შედეგი ქართველ სასტენდო მსროლელს, ბატონ ტარიელ ჟღენტს ეკუთვნის.
ეს ამბავი 1973 წელს მოხდა. იტალიურ ტურინში სასტენდო სროლაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ჟღენტი და დანიელი რასმუსენი ფინალში გავიდნენ. ჯერ რასმუსენმა ისროლა და 200 გასროლიდან 199 თეფში დაამსხვრია, რითაც მსოფლიო რეკორდი გაიმეორა. დანიელს თავი უკვე გამარჯვებული ეგონა. თანამემამულეებმაც წინასწარ მიულოცეს, ტრადიციისამებრ ქუდიც დაუცხრილეს თოფებით და კინაღამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ააბრძანეს. მაყურებელიც შეთხელდა, რადგან არავის სჯეროდა, სასწაული თუ მოხდებოდა.
"ამოდენა კაცს ბუზისტოლადაც კი არ მაგდებენო", - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ტარიელ ჟღენტმა, აიღო თოფი, სავაზნე და დინჯად გასწია სასროლეთისკენ. 200-დან 200 თეფში დაამსხვრია, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. დაბნეული რასმუსენი გაოცებულ მაყურებელთან ერთად ინსტიქტურად უკრავდა ტაშს მის მძლეველ ქართველს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ მესტენდურთა საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრის წესები ძირფესვიანად შეცვალა და ასე დარჩა დაუძლეველი ტარიელ ჟღენტის მსოფლიო რეკორდი.
1962 წლის 17 ოქტომბრის დილის 10 საათი და 58 წუთი. ეს თარიღი ოქროს ასოებითაა შესული ქართული სპორტის ისტორიაში. მოსკოვში, სასტუმრო "მოსკოვის" იმ ნომერში, სადაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი იყო გაჩერებული, ტელეფონმა დარეკა. ელიზავეტა ბიკოვას მწვრთნელი რეკავდა - ბიკოვა გადადებულ პარტიაში დაგნებდათ და მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავთო. ასე დაიწყო ქართველ ქალთა სახელოვანი საჭადრაკო ეპოპეა, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა. იმ ისტორიულ ორთაბრძოლაში კი ნონა გაფრინდაშვილმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.
ქართულ ხასიათზე და სულისკვეთებაზე ვსაუბრობთ და, როგორ იქნება, რომ სახელოვანი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი არ გავიხსენოთ. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად დასახელებულმა სანეევმა ოთხ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. სამ მათგანში იმარჯვა, 1980 წელს, მოსკოვშიც გაიმარჯვებდა, მაგრამ არბიტრების "დახმარებით" მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა.
ძალიან მინდა რომ ეს სტრიქონები ახალგაზრდა სპორტსმენებმა წაიკითხონ, რადგან თუ რაიმე წარმატების მიღწევა სურთ, ვიქტორ სანეევის მაგალითი მათთვის სანიმუშო უნდა აღმოჩნდეს.
"ერთეულთა ხვედრია, თავი გადადონ სპორტისთვის. უხეშად რომ გამოთვალოთ, საერთო ფიზმომზადების მიზნით ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში ასი ათასი ტონა სიმძიმე ამიწევია. ცხოვრებაში მილიონზე მეტი ნახტომი მაინც შემისრულებია, თანაც - ასფალტზე. დღეს ასეთ "მსხვერპლზე" აღარ მიდიან. წარმოიდგინეთ, როგორ ჯოჯოხეთურად ვშრომობდი. ჩემი მწვრთნელის უპირველესი ამოცანა ჩემი სტადიონზე სავარჯიშოდ მიყვანა კი არ იყო, არამედ, სტადიონიდან, ვარჯიშიდან გაგდება".
სახელოვან ქართველ სპორტსმენებს ვიხსენებთ და დავით ყიფიანზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა...
1976 წლის სამ სექტემბერს, თბილისის "დინამომ" სსრკ-ის თასი მოიპოვა, როდესაც ფინალურ შეხვედრაში ერევნის "არარატი" დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ იმ მატჩის წინ ყიფიანს ფეხის ტრავმა ჰქონდა და არავის ეგონა, თუ მინდორზე გამოვიდოდა. სად იყო მაშინ დღევანდელი სპორტული მედიცინის საშუალებები! დათოს მუმიოთი და ღმერთმა იცის, კიდევ რა მალამოთი დაფარული, დაბინტული, ნემსების ბლოკადით გაყუჩებული ფეხი საშინელი სანახავი იყო. ამის მიუხედავად დათო მინდორზე მაინც გავიდა და მაღალ ნახტომში მეტოქის კარში ერთი ბურთიც კი გაიტანა.
როგორ არ გავიხსენოთ 1977 წლის თამაში ვოროშილოვგრადის "ზარიასთან". ბოლო წუთზე არდანიშნული პენალტი და აბობოქრებული ზღვა ხალხი... გულშემატკივრებმა ყიფიანი მხრებით ატარეს მარჯანიშვილის მოედნამდე. დათო ხალხს დაპირდა, მომავალ წელს ჩემპიონები გავხდებითო. მართლაც, მთელმა გუნდმა თავი დადო და 1978 წელს თბილისის "დინამო" სსრკ-ის პირველობის გამარჯვებული შეიქმნა.
1977 წლის 14 სექტემბერს, მილანის "სან სიროს" სტადიონზე ცენტრიდან სდია თავის კარამდე "ინტერის" კაპიტანმა ფაკეტიმ და მაინც ვერ შეუშალა ხელი. იმ შემოდგომის საღამოს ყიფიანის ამ გოლის დახმარებით თბილისელებმა იმარჯვეს.
1979 წლის 3 ოქტომბერი... იმ წვიმიან საღამოს ევროპის ჩემპიონთა თასის შეხვედრაში, "დინამომ" "ლივერპული" სასტიკად დაჯაბნა - 3:0. იმ მატჩის შემდეგ გერმანული "კიკერი" წერდა, ყველაფერი ყიფიანის გარშემო ბრუნავსო.
ერთი წერილის მოცულობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ მრავალ შესანიშნავ ქართველ სპორტსმენს მივაგოთ სათანადო პატივი. ამჟამად სარბიელზე ახალი თაობის ათლეტები არიან და მსურს, რომ ისინი ისეთივე მიზანმიმართულები და ბრძოლის ჟინით შეპყრობილები იყვნენ, როგორც მათი უფროსი კოლეგები. ახსოვდეთ ისიც, რომ ამ ცხოვრებაში მიუღწეველი არაფერია. გაითვალისწინონ თაობიდან თაობებში გადაცემული ქართული სულისკვეთება და მებრძოლი ხასიათი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს