"თუ ფასეულობები ასე გაიყო და დანაწევრდა, გამოდის საგანგაშო სიტუაციაა" - "ოცნებას" პაპუაშვილიც დატოვებს?! - კვირის პალიტრა

"თუ ფასეულობები ასე გაიყო და დანაწევრდა, გამოდის საგანგაშო სიტუაციაა" - "ოცნებას" პაპუაშვილიც დატოვებს?!

როგორც ამბობენ, "ქართული ოცნების" ე.წ. "ახლებისა" და "ძველების" ჯგუფებს შორის დაპირისპირება კარგა ხანია დაიწყო, რისი გაგრძელებაცააა გედევან ფოფხაძის პროტესტი და საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება. კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, "ძველებს" განსაკუთრებით არ მოსწონთ პარალამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მის გადადგომასაც კი ითხოვენ. იმათგან, ვინც ნინია კაკაბაძის "საზმაუს" ბორდის წვერობას დაუჭირა მხარი ერთ-ერთი კობახიძეცაა.

არსებობს მოლოდინი, რომ ფოფხაძეს შესაძლოა მალე სხვებიც მიჰყვნენ, მაგალითად, ზაზა პაპუაშვილი. ამაზე თვითონ პაპუაშვილი ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა ფოფხაძის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს.

"პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე რომ ვყოფილიყავი, ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევას არც მე დავუჭერდი მხარს, ისევე, როგორც მხარი არ დავუჭირე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას არჩევას... გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა ძალიან სერიოზული რამ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ფასეულობები ასე გაიყო და ასე დანაწევრდა ყველაფერი, საგანგაშო სიტუაციაა იმ გაგებით, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა როგორ არის საჭირო. ვერაფრით ვხსნი, რა გაკეთდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერით იმასთან შედარებით, რაც გაფუჭდა გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლით. მაშინ პირველ ჯერზე რატომ არ ავირჩიეთ ნინია კაკაბაძე? რა კეკლუცობა იყო, მაშინ პირველივე ჯერზე მიგვეცა ხმა!", - განაცხადა პაპუაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

თუ "ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის "პატრიარქის მაგინებელი" ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ყოვლად მიუღებელია.