"პოლიციელმა, რომელიც 23 დეკემბერს ყველაზე სასტიკად მომექცა, ქუჩაში მომაძახა, ეს ნახე, ბიჭო, ეს საცოდავი, ამის..." - კვირის პალიტრა

"პოლიციელმა, რომელიც 23 დეკემბერს ყველაზე სასტიკად მომექცა, ქუჩაში მომაძახა, ეს ნახე, ბიჭო, ეს საცოდავი, ამის..."

პოეტმა ზვიად რატიანმა, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ პოლიციელები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, "ფეისბუკში" ჩანაწერი გამოაქვეყნა:

"რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებელზე, მარჯანიშვილის მოედნამდე არმისული, გადავეყარე ერთ პოლიციელ ბიჭს, რომელიც ყველაზე სასტიკად მომექცა 23 დეკემბერს. პრინციპში, ერთადერთი სიფათი იყო, რომელიც მკაფიოდ დამამახსოვრდა; და ერთადერთი, ვინც კი არ მეცნო, ვიცანი „ამოცნობად“ წოდებული გულისამრევი რიტუალისას.

მეწყვილესთან ერთად მილაქლაქებდა ნელა, მე მეჩქარებოდა, გვერდი ავუარე და გადავუსწარი. მაგ დროს შემნიშნა და მომაყოლა, „ეს ნახე, ბიჭო, ეს საცოდავი, ამის (დანარჩენს წარმოიდგენთ)...“

სხვებიც გადამყრნიან ქუჩაში. აღმაშენებლის პოლიციასთან ვცხოვრობ და ყოველდღე მიწევს მათ „სამოძრაო კვადრატებში“ სიარული. ისინი, როგორც წესი, თვალს მარიდებენ ან მართლა ვერ მცნობენ. მეც იგივეთი ვპასუხობ. მე ხომ, სინამდვილეში, მათ არ ვემართლები. მაგრამ ეს ბიჭი მართლა ყველაზე სასტიკად იქცეოდა იმ დღეს და მისი გინება კი არ მეწყინა, მისმა თავხედობამ გამაბრაზა.

გამოდის, თავზე ხელი გადაუსვეს და წააქეზეს კიდეც. ჰოდა მივხვდი, რომ, როგორც არ უნდა მეზარებოდეს, უნდა მოვინდომო და ავლაპარაკდე. მინიმუმ, დავწერო ეს ამბავი. იმ უნიჭო, რუსეთებში გამოწრთობილ გახარიაზეც მოვყვე, ჩემ personal minister-ზე, კომკავშირის ფარას ჩამორჩენილ ციკანზე, რომელიც „გერაინის“ ნაცვლად „ქეისს“ ამბობს და კარგი ტიპი ჰგონია ყველას.

მე არ მიხარია, რომ ჩემი სახელმწიფო, თუნდაც სიბინძურეში, ასეთი უნიჭოა. არც ის მიხარია, რომ სწორედ მე მომიწია გინების ნაციონალური წინასაახალწლო კვირეულის დაგვირგვინება, რომელიც, გეხსომებათ, ვინც გახსნა. ჰოდა ახლა, როცა აღარაფრის იმედი მაქვს, არც ხელფასი, არც ილუზია, ამოვიქოქები და ბოლომდე მივიყვან ამ ამბავს, ბოლომდე მოვისაქმებ მათ თავზე. და, რაც მთავრია, დავწერ ყველაფერს, რაც და როგორც მოხდა. ერთადერთი, რამაც შეიძლება შემაჩეროს, იმ ორი ბაინდერის საზეიმო გადმოცემაა, რომელიც პროკურატურაშია დაუნჯებული. ესაა კრეტინიზმისა და უნიჭობის საგანძური, ამ წყალწაღებული მთავრობის კარდიოგრამა. დიახაც, იმ ერთი უტვინო პოლიციელი ბიჭის გინებამ შემიტრიალა განწყობა. არ ვარ ის კაცი, არ მიცხოვრია ისე, რომ ქუჩაში მივდიოდე და ზურგში გინებას მადევნებდნენ. მე, სამწუხაროდ, შემიძლია შევეგუო ნებისმიერ სიბინძურეს, მაგრამ ვერ შევეგუები ისეთ უნიჭობას და ჩანჩურობას, რომელსაც ავლენს სახელმწიფო, სადაც ჩემმა შვილებმა უნდა აიწყონ ცხოვრება. ჰოდა, მოგეძღვნებით. მე შაირი არ მინდოდა..

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

სიძულვილით,

მოქალაქე ზ.რ."