"შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე" - კვირის პალიტრა

"შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე"

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტყიბულში მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ უნდა იყოს მიმართული.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ქვეყნის პირველი პირი მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის", -ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

"შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.