"ამ მასშტაბის სამთო დარტყმა 1986 წელს მოხდა და ახლა იყო მეორე შემთხვევა" - რას ამბობს "საქნახშირის" დირექტორი? - კვირის პალიტრა

"ამ მასშტაბის სამთო დარტყმა 1986 წელს მოხდა და ახლა იყო მეორე შემთხვევა" - რას ამბობს "საქნახშირის" დირექტორი?

"როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტმის პრევენცია ვერ ხერხდება", - ამის შესახებ "საქნახშირის" დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა.

"შახტაში მოხდა სამთო დარტყმა, რომელმაც გამოიწვია ჰაერის დიდი ჭავლის გატყორცნა, რამაც ადამიანების დაზიანება და ზოგიერთ მათგანის გარდაცვალება გამოიწვია. ერთ საათში მოგვიწია ყველა ადამიანის მოძებნა. გარდაცვლილები გადაყვანილები არიან ქუთაისის პროზექტურაში", - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

ჯაყელის თქმით, დაშავებული მეშახტეები ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები და ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ამ წუთში მიმდინარეობს კომპლექსური შემოწმება, აქ არიან ზედამხედველობა, ჯანდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. ისინი შახტაში არიან ჩასულები და მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

როგორც ჯაყელი აცხადებს, ტყიბულის მაღაროში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთოების ნორმების დარღვევა არ გამხდარა.

"უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამორიცხულია. როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტყმის პრევენცია ვერ ხერხდება, ამ მასშტაბის სამთო დარტყმა 1986 წელს მოხდა და ახლა იყო მეორე შემთხვევა. პატარა სამთო დარტყმები სულ არის, მაგრამ ამ მასშტაბის დარტყმები იშვიათია, გამონაკლისია. წინა შემთხვევები იყო სულ სხვა და ეს არის კიდევ სხვა", - განუცხადა ჯაყელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"