"ჩემი ქმარი აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა"
ვწერ ამ წერილს და გულით მინდა გთხოვოთ, რომ გამომიქვეყნოთ. ამჟამად ევროპაში ვმუშაობ, აქ ყოველკვირა ვყიდულობ პრესას და გულის ტკივილით ვკითხულობ ხოლმე ტკივილიან ისტორიებს. მეც ამიტომ მომინდა მოწერა. მინდა, ყველა ქალბატონს ვთხოვო, რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვან.დავიწყებ იმით, რომ ძალიან პატარა, 17 წლის გავთხოვდი.
არ მესმოდა, რას ნიშნავდა ოჯახის შექმნა. ბუნებით ძალიან ბავშვური და მეოცნებე ვიყავი, რაც დღემდე მომყვება. ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. 2 შვილი ზედიზედ გავაჩინე, რომ ჯარში არ წაეყვანათ. ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე 2 წელი ერთმანეთის გარეშე გავძლებდით.ჩემმა მშობლება ორივეს უმაღლესი განათლება მოგვცეს. ჩემს მეუღლეს ძალიან უყურადღებო ნათესავები ჰყავდა, არავინ გვკითხულობდა, ჩვენი ამბით არავინ ინტერესდებოდა, მაგრამ იმდენად მიყვარდა, რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევდი. სიმართლე გითხრათ, ბრმასავით მიყვარდა, რადგან მისი მხრიდან არასოდეს მიგრძნია არც სიყვარული და არც პატივისცემა. სხვები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი, ლამაზი თვალები მქონდა... მეუღლისგან კი მსგავსი სიტყვების მოსმენა მენატრებოდა. მისგან თბილი სიტყვაც კი არ მახსოვს. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ბიძაჩემმა სამსახური უშოვა და ის გახდა მისი ცხოვრება. ბოლოს, სახლში ღამის გასათევადღა თუ მოდიოდა. ვნატრობდი, რომ თუნდაც 1 საათი გაეტარებინა ჩემთან და ბავშვებთან.
19 წელი იმ ილუზიებით ვიცხოვრე, როგორიც მინდოდა, რომ ჩემი ოჯახი ყოფილიყო. წარმოვიდგინე, რომ ძალიან კარგი ოჯახი მქონდა და დავიჯერე. გარკვეული პერიოდის მერე ჩემი ქმარი უკვე აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა, ყველგან მასთან ერთად დადიოდა. მაშინ მივხვდი, რომ ფუჭი იყო ჩემი ილუზიები. ამის გამო ერთმანეთს დავცილდით.ჩემთვის ოჯახის დანგრევა დიდი საშინელება იყო მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მაინც მარტო ვიყავი და ქმრის მხარდაჭერა და სიყვარული არასოდეს მქონია.შვილებსაც მარტო ვზრდიდი, მას არასოდეს უკითხავს, უჭირდათ თუ არა რამე, ან რით იყვნენ დაკავებულები. ისეთები გავზარდე, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ - უმაღლესი განათლებაც მივეცი, ორივე დავაოჯახე და 2-2 შვილიც ჰყავთ.
ჩემი შვილები ყოველთვის მთხოვდნენ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე და პირად ბედნიერებაზე მეზრუნა, რადგან მიაჩნდათ, რომ ბედნიერებას მეც ვიმსახურებდი. ძალიან განიცდიდნენ ჩემს ყველანაირ გასაჭირს და განიცდიან, რომ მარტო ვარ.მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი შვილები არიან, მაგრამ 50 წელს ვუახლოვდები უკვე და ვხვდები, როგორი საშინელებაა მარტოობა. არ მასვენებს ფიქრი - სად დავუშვი შეცდომა? დიდ სიყვარულში? დიდ ერთგულებაში? ზრუნვაში? დათმობაში? პატიებში? ბუნებით ძალიან თბილი და მოსიყვარულე ვარ. ღვთის მადლით, ჩემს შვილებს თავიანთი სახლები აქვთ, მე - ჩემი და გულის ტკივილით ვფიქრობ - რომ დავბრუნდები ჩემს სახლში, რამე რომ გამიჭირდეს, ვერავის შევაწუხებ. მარტოობის მართლა ძალიან მეშინია.ყველა ქალმა გაითვალისწინეთ, რომ მართალია, შვილები ჩვენი სიცოცხლეები არიან, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაზეც უნდა იფიქროთ. წლები ელვის სისწრაფით გარბიან, მარტოობა კი საშინელებაა. რატომ არიან მამაკაცები ასეთი დაუნდობლები? ამ კითხვაზე კი პასუხს ვერ ვპოულობ.
თქვენი ერთგული მკითხველი.