მყინვარწვერიდან უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება - კვირის პალიტრა

მყინვარწვერიდან უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფინავთან ერთად, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მყინვარწვერიდან უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის 5 აპრილს, 12:12 საათზე, "112"-ში შევიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე მყინვარწვერ "ყაზბეგზე" იმყოფებოდნენ. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო.

საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფინავთან ერთად, ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში და მყინვარწვერისკენ გაფრინდა. ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, ჯერ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება და დაშავებული პირის საავადმყოფოში გადაყვანა", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"