ვინ არის თბილისში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქე? - კვირის პალიტრა

ვინ არის თბილისში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქე?

"წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყო", - ამის შესახებ კიევის ქუჩაზე ჟურნალისტებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა.

"კიევის ქუჩის 3 ნომერში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

როგორც ჟურნალისტებს მეზობლებმა განუცხადეს, დილით ტურისტების ხმამ გააღვიძათ, რომლებიც შველას ითხოვდნენ.

"სახანძროში დავრეკეთ და მალევე მოვიდნენ. უბრალოდ, ცეცხლი ყველაფერს ძალიან მალე მოედო. ტურისტებს ვეკითხებოდით, ყველამ დააღწია თუ არა თავი ხანძარს, თუმცა თვითონაც არ ახსოვდათ, რომ ერთი ასაკოვანი მამაკაცი იყო ოთახში", - განაცხადა მაია კალანდაძემ.

თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი დღეს გაჩნდა, რის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"