"აქ საოცარ ფაქტებს ვხედავთ" - მეტეხის ტაძარში მომხდარი სასწაულები - კვირის პალიტრა

"აქ საოცარ ფაქტებს ვხედავთ" - მეტეხის ტაძარში მომხდარი სასწაულები

ხშირად ადამიანები სწუხან იმის გამო, რომ საქმეში წინსვლა არა აქვთ. ცნობისმოყვარენი მკითხავებთან მიდიან და მომავლის განჭვრეტას ცდილობენ, რასაც ეკლესია კატეგორიულად კრძალავს, ეს ნაბიჯი ცოდვად მიიჩნევა. ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ქალი, საყვარელი ადამიანის ხელში ჩასაგდებად, შავ მაგიასაც მიმართავს და თურმე, შედეგსაც აღწევს. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, როცა ქალი ოჯახის დანგრევას ჯადოს აბრალებს. ამ დროს ზოგი ბედს ეგუება, ზოგი კი თურმე, ისევ შავი მაგიით ცდილობს ჯადოს მოხსნას, რამაც შეიძლება, მოჯადოებული ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანოს; ნაწილი გამოსავალს ლოცვით ეძებს.

როგორ გავთავისუფლდეთ ბოროტი თვალისგან, ხილული და უხილავი ჯადოსგან, როგორ მივაღწიოთ წინსვლას საქმეში? - ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე დეკანოზი, მამა რაფაელი (ხაჭაპურიძე) გვესაუბრება.

- მამაო, კვეთებულის ლოცვაზე დასწრება მოძღვრის კურთხევით ხდება?

- კურთხევას თავიანთი მოძღვრებისგან იღებენ. ეს უფრო მისაღებია, ვიდრე თვითნებურად სიარული; ასეთ დროს ლოცვას უფრო დიდი ძალა აქვს. ხშირად, ურწმუნო ადამიანები სხვებს წყევლიან ან ჯადოს უკეთებენ; ამ გზით მეორე ადამიანს აუბედურებენ, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, რომ წყევლა გარკვეული დროის შემდეგ უკან მიუბრუნდებათ. ჯადომ და წყევლამ შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს, ამიტომ გახსნის ლოცვა ყველა ადამიანს სჭირდება: ზოგი წინაპრებისგან არის დაწყევლილი, არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანს ხატზე გადასცემენ. ყველა ადამიანმა ხომ უნდა დაიბანოს? ჰოდა, ასეა გახსნის ლოცვაც - ადამიანი კრულებისგან თუ არ გახსენი, ის წინსვლას ვერ მიაღწევს. ამ ლოცვებთან ერთად, საჭიროა იმარხულოს, ეკლესიურად იცხოვროს. ქრისტე ბრძანებს: "რომელმაც არ მიიღოს ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემთან არა გიეს". როგორი კეთილი ადამიანიც უნდა იყოს, თუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ მიიღებს, უფალს ვერ იხილავს, უკვდავნი კი არავინ ვართ. გახსნის ლოცვას ძალიან დიდი ძალა და მადლი აქვს. წყევლამ და ჯადომ შესაძლოა, ადამიანის მთელი მოდგმა და ოჯახი აზარალოს. ასეთ დროს გახსნის ლოცვის წაკითხვა აუცილებელია.

- ამბობენ, ვაჟებსა და გოგონებს გახსნის ლოცვას ოჯახის შესაქმნელად უკითხავენო...

- ჰგონიათ, რომ ეს ლოცვა მხოლოდ იმისთვის იკითხება, რათა ქალი გათხოვდეს და მამაკაცმა ცოლი მოიყვანოს. ადამიანს ცხოვრებაში ხელი რომ მოემართოს, ჯანმრთელად იყოს, საქმეში წარმატება ჰქონდეს და მასზე ღვთის მადლმა იტრიალოს, ამისთვის არის საჭირო ეს ლოცვა. ვინც გრძნობს, რომ რაღაცით შებოჭილია, ყველას ეკითხება. ვფიქრობ, ლოცვა შვიდგზის მაინც უნდა იქნას წაკითხული. თუ ადამიანი ხედავს, რომ წინსვლა დაეტყო, გარკვეული დროის შემდეგ სჯობს, ისევ წააკითხოს მოძღვარს, რადგან ბოროტ ძალას არ სძინავს. როცა ბედი გწყალობს, ღვთისაგან მადლს მიიღებ, ეს ბოროტ ადამიანს მოსვენებას უკარგავს და ის ცდილობს, რაღაცით გავნოს. ასეთებს ავიწყდებათ, რომ მსგავსი ქმედებით ბედნიერები ვერც თავად იქნებიან. მინახავს, ადამიანი ტაძარში ხატის წინ როგორ წყევლიდა მეორე ადამიანს.

- ეს ხომ ხატზე გადაცემაა?!

- ეს უმძიმესი ცოდვაა! პატარა სამებაში მამაკაცი ხატის წინ დადგა და მოვისმინე, როგორ თქვა, - ამოწყდეს მისი ოჯახი, მოიკვეთოს პირისაგან მიწისაო!.. ვეღარ მოვითმინე და ვეჩხუბე: რას სჩადიხარ-მეთქი?!. - მან ძმა მომიკლა და აბა, დავლოცოო? - შენს ოჯახს ცუდად დაუბრუნდება-მეთქი. არ გაიგონა, იგივე ბევრჯერ გაიმეორა. ერთ დღეს კი ტირილით მოვიდა, დაიჩოქა და მითხრა, - მამაო, წამიკითხეთ ლოცვა, რომ ეს ცოდვა მომეტევოსო.

- წაუკითხეთ?

- გულით ნათქვამი იყო მისი სიტყვები და წავუკითხე. მადლობა ღმერთს, რომ გამოფხიზლდა. ადამიანის წყევლა არ შეიძლება.

- ნათქვამია, წყევლა მაწყევარისააო; შეიძლება, ადამიანს დაუმსახურებელმა წყევლამ ავნოს?

- რასაკვირველია! დაწყევლილი ადამიანის ოჯახს, მის მოდგმას ეს წყევლა დაერევა, მას აზარალებს და მერე მაწყევარს შემოუტრიალდება, მისი ოჯახის წევრების საქმეც ძალიან ცუდად წავა.

- დაწყევლილი ოჯახი ბოროტი ადამიანის წყევლისგან როგორ უნდა გათავისუფლდეს?

- ასეთი უგუნური ადამიანი ბევრია, ხშირად უმნიშვნელო წყენასაც გულში ჩაიდებენ და არამც თუ სიტყვით დაწყევლიან, არამედ ხატთანაც იწყევლებიან. ეს საშინელებაა და ამის გამკეთებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს წყევლა მის ოჯახს შემოუბრუნდება; ყველას ჯვარი სწერია, თვითონაც ამოწყდება... ყველა დაიფაროს უფალმა, მაგრამ ასეა. არასდროს უნდა გააკეთო ცუდი, პირიქით - უნდა ილოცო, რომ ის ადამიანი გონებაზე მოიყვანო, წესიერ გზაზე დააყენო, რათა გაიგოს, რა არის ღვთის მადლი და წყალობა. წყევლას ძლიერი ზემოქმედება აქვს. როცა ოჯახი ან ადამიანი დაწყევლილია, მას სასულიერო პირები კრულების გახსნის ლოცვებს ვუკითხავთ. ამასთან, უნდა შეინახონ მარხვები, აღსარება უნდა თქვან, ეზიარონ. მამაკაცები და ქალები ფსკვნილებს ატარებენ და ეს მათ იცავს.

- კვეთებულის ლოცვის დროს მრევლს ხელში ახლობლების ტანსაცმელი, ფოტოები უჭირავთ და ლოცვებს ასმენინებენ. ეს მისაღებია?

- კვეთებულის ლოცვაზე თუ პიროვნება მოვა, დადგება და იმას წაუკითხავ ლოცვას, კარგია, მაგრამ ჯადოგაკეთებული ადამიანები ტაძარში ვეღარ მოდიან. ამ დროს იმ პიროვნების ტანსაცმელი ოჯახის წევრს მოაქვს, მერე მას ნაკურთხ წყალს ვაპკურებთ. როცა ტანსაცმელს იმ პიროვნებას ჩააცმევენ, მასზე მადლი გადავა და ბოროტი განიდევნება. ცხადია, ეს უცებ არ ხდება და ტანსაცმლის დასწრება რამდენიმე კვეთებულზე უნდა მოხდეს. ხშირად, კვეთებულის ლოცვაზე ცოლებს მემრუშე ქმრების ჩასაცმელი დააქვთ. იყო შემთხვევა, როცა კაცს ცოლ-შვილი მიტოვებული ჰყავდა და ცოლს ქმრის სამოსი დაჰქონდა; გარკვეული დროის შემდეგ ქმარი ოჯახს დაუბრუნდა, საკუთარი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახის გამთლიანება ვერ ხერხდება. ბოროტი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის შველა იოლი არ არის; მისთვის ჭუჭყის მოსაცილებლად ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ბოროტისგან თავი რომ დააღწიო, რწმენაა საჭირო. გაგრძელება