"ქმარს დაშორებული ვარ, "მარტოხელა დედა" მქვია და ბავშვს ვზრდი - ეს ჩემთვის ძლიერებასთან ასოცირდება"
როგორც ქალების უმრავლესობას, შოპინგი ნინი ონიანსაც უყვარს. ეს მისთვის სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი კარგი საშუალება გახლავთ, უფრო მეტიც - ნინი გამოგვიტყდა, რომ შოპოჰოლიკია და მცირე შენაძენმაც შეიძლება, განწყობა მკვეთრად გაუუმჯობესოს. ყველაზე მეტად, დედასთან ერთად შოპინგი მოსწონს. არ უყვარს, როცა კონსულტანტი ხშირად ეკითხება, დახმარება ხომ არ გჭირდებათო?.. "ქალურ-დიასახლისური" ამბები ცხადია, შოპინგის თემას გასცდა და ბევრ საინტერესო დეტალზე ვისაუბრეთ: სირთულეები, რასაც საქართველოში ქალები აწყდებიან; ქალური შური; შვილის აღზრდა; ბიზნესის მართვა და პაემანი, რომელზეც დიდი ხანია, არ ყოფილა...
- საკუთარ თავს ძლიერ ქალად მივიჩნევ, რადგან თუკი რამისთვის მიმიღწევია, ეს დამოუკიდებლად მომიხერხებია - არავინ არაფერში დამხმარებია. რაკი უკვე ქმარს დაშორებული ვარ, "მარტოხელა დედა" მქვია და ბავშვს ვზრდი, ეს ჩემთვის დიდ ძლიერებასთან ასოცირდება. ასევე, დიდ ძლიერებად მიმაჩნია, რომ ჩემი ბიზნესი წამოვიწყე, რომელსაც მარტო ვმართავ.
- ბიზნესის წამოწყება მეუღლესთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტე თუ ოჯახური თანაცხოვრებისას იდეა უკვე გქონდა?
- საერთოდ, ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა და მხოლოდ სხვისთვის არ მემუშავა - ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ: სხვისთვისაც აუცილებლად ვიმუშავებ, თუ ეს კინო, სერიალი, ტელევიზია იქნება... უბრალოდ, მსურდა, შემოსავალი მქონოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ფეხმძიმობისას ბევრს ვფიქრობდი, რადგან რა თქმა უნდა, ფიქრისთვის უფრო მეტი დრო მქონდა, ვიდრე მანამდე ან ახლა მაქვს. ხან რა მოვიფიქრე, ხან - რა. ბოლოს ჩამოვყალიბდი. ბავშვი რომ გავაჩინე (უკვე ვაჟიკოსთან დაშორებული ვიყავი), ბიზნესი წამოვიწყე.
- ოდესმე შენი სქესი დაგხმარებია რამეში?
- საერთოდ, ამ ქვეყანაში რთულია, ქალი იყო, მით უმეტეს - დამოუკიდებელი, რადგან ფაქტობრივად, ამისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. სიტუაცია უფრო რთულადაა, როდესაც მეტ-ნაკლებად პოპულარული ხარ, მეტ-ნაკლებად კარგი გარეგნობა გაქვს (იმედია, ხმამაღალ ნათქვამში არ ჩამითვლით), რაღაცას მიაღწიე... ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ: რატომღაც, უმეტესობას სხვისი წარმატება არ უხარია. შესაბამისად, ამასთან შეჯახება ყოველდღე მიწევს - ყოველდღე ვგრძნობ, ჩემი კარგად ყოფნა ვის სიამოვნებს და ვის - არა... ყოფილა შემთხვევები, როცა თავი პრივილეგირებულად მიგრძნია, რადგან ქალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს რამეში დამხმარებია: ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის. დამხმარებია კი არა, შეიძლება, პირიქით - ხელიც შეუშლია.
- რომელიმე შემთხვევის გახსენება შეგიძლია?
- ფილმის კასტინგზე მივსულვარ და მიგრძნია, რომ ცდილობდნენ ჩემს, ასე ვთქვათ, მონუსხვას იმისთვის, რომ შემდეგ როლი მიმეღო ან სადმე მუშაობა დამეწყო და ა.შ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. გამოვტრიალებულვარ და წამოვსულვარ.
- ეს სექსუალური შევიწროების მაგალითია?
- შეიძლება, ასეც ითქვას. ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა - ამას ვერავის დავაბრალებ, მაგრამ პატარ-პატარა მინიშნებები იყო, რაც პრინციპში, ჩემთვის უკვე სექსუალური შევიწროების ტოლფასია. გაგრძელება