10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ - კვირის პალიტრა

10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ

ფინალური ეტაპის შედეგები ფართო აუდიტორიისთვის სულ მალე გახდება ცნობილი და შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების ღვინოები გამოჩნდება სასაჩუქრე, ტურისტული და საკოლექციო 5-5-ბოთლიანი შეფუთვით

ღვინის შერჩევის პროცესში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა. ბრმა დეგუსტაციაზე წარდგენილი ათივე ღვინის სახეობა სწორედ მათი არჩეულია

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დასასრულს უახლოვდება. ღვინის 10 რჩეული სახეობა უკვე ცნობილია. საფერავი, ტვიში, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - სწორედ ასეთია რჩეული სახეობების ჩამონათვალი, რომელიც ფართო საზოგადოების მონაწილეობით გამოვლინდა. 2 და 3 აპრილს კი რჩეული სახეობების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების გამოსავლენად ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა, რომელშიც ღვინის ექსპერტები მონაწილეობდნენ - მარიკა ხომასურიძე, ირმა ჭანტურია, მიშა მესხი, კახა ჩოტიაშვილი და ბასტიან ვარსკოტი - სწორედ მათ დააჭაშნიკეს და შეაფასეს წარდგენილი ღვინოები.

ღვინის ექსპერტი მიშა მესხი პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დასასრულს მართლაც გამორჩეული ქართული ღვინოების გამოვლენა შეძლეს.

"პროექტი ძალიან საინტერესო და ინოვაციურია. მასში ჩართულია როგორც სამოყვარულო სეგმენტი, ასევე სპეციალისტები. შესაბამისად, შედეგი აბსოლუტურად ობიექტური იქნება და მართლაც ხარისხიანი ღვინის გამოვლენას შევძლებთ. დეგუსტაცია დახურულია და ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ამა თუ იმ ღვინის მწარმოებლები. მხოლოდ ღვინის ჯიშისა და მოსავლის წლის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ბევრი კარგი ღვინო დავაგემოვნეთ. რქაწითელისა და ქისის რამდენიმე ნიმუში კი განსაკუთრებით მოგვეწონა".

ფრანგ მეღვინე ბასტიან ვარსკოტის ქართული ღვინო განსაკუთრებით მოსწონს და როგორც აღნიშნავს, რჩეული ღვინოების გამოვლენა არც ისე მარტივი იყო.

"პროექტი მართლაც გამორჩეულია, განსაკუთრებით კი ბრმა დეგუსტაციების საშუალებით რჩეული ღვინოების გამოვლენის პროცესია საინტერესო. მე რქაწითელისა და მწვანეს რამდენიმე ღვინოს გამოვარჩევდი. ქართული ღვინო საოცარია და სწორედ ამიტომ ვარ საქართველოში. მისი მრავალფეროვნება და ღვინის დაყენების ტრადიციები მომწონს. საქართველოში ევროპული წესითაც ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ, - აღნიშნა ბასტიან ვარსკოტიმ.

პროექტის ორგანიზატორია ჰოლდინგი "პალიტრამედია", რომლის მიზანია ქართული ღვინის პოპულარობის გაზრდა.

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღვინის იმ კომპანიებს, რომლებმაც მოგვიტანეს ნიმუშები და ჩაერთვნენ პროექტში. ყველა მათგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც საბოლოოდ ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ჩვენ ჩავატარეთ ორდღიანი დეგუსტაცია, რომელშიც ოთხი ქართველი და ერთი ფრანგი ღვინის ექსპერტი მონაწილეობდნენ. ოთხშაბათიდან დავიწყებთ შედეგების შეჯამებას და რჩეული კომპანიები ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, - განაცხადა "პალიტრამედიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანანო თავხელიძემ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღვინის შერჩევის პროცესში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა. ბრმა დეგუსტაციაზე წარდგენილი ათივე ღვინის სახეობა სწორედ მათი არჩეულია.

პროექტი 15 ოქტომბერს ქართული ღვინის ფესტივალზე" ბრმა დეგუსტაციით დაიწყო, რასაც შემდეგ ონლაინხმის მიცემა მოჰყვა ღვინის მაღაზიის ვებგვერდ Allwine.ge-სა და Ambebi.ge-ზე, სადაც 200 000-მდე ადამიანმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. გარდა ამისა, დაიგეგმა არაერთი ღონისძიება საჯარო თავშეყრის ადგილებში ფარული კენჭისყრისთვის. გამოკითხვის ფორმა იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში.

პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხლი ხარ" მიზანია ქართული ღვინის იმ საუკეთესო სახეობების გამოვლენა, რომლებიც ქვეყანას ადგილზე და მის საზღვრებგარეთაც წარადგენენ. ფინალური ეტაპის შედეგები ფართო აუდიტორიისთვის სულ მალე გახდება ცნობილი და შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების ღვინოები გამოჩნდება სასაჩუქრე, ტურისტული და საკოლექციო 5-5-ბოთლიანი შეფუთვით.

ნანიკო მღებრიშვილი