რადიო "პალიტრის" ხმა უკვე ბათუმსა და აჭარაშიც ისმის - კვირის პალიტრა

რადიო "პალიტრის" ხმა უკვე ბათუმსა და აჭარაშიც ისმის

"რადიო "პალიტრის" თვალით დანახული საქართველო შევა ბათუმში მიუკერძოებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით"

რადიო "პალიტრამ" ბათუმში FM 103.9-ზე მაუწყებლობა დაიწყო. თბილისის, გუდაურისა და ბორჯომის შემდეგ ბათუმი მეოთხე ქალაქია, სადაც მსმენელს რადიო "პალიტრის" მოსმენა 103.9-ზე შეუძლია. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ბათუმისა და აჭარელი მსმენელისთვის რადიო "პალიტრა" რამდენიმე სპეციალური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა დეტალებზეც "კვირის პალიტრას" რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი ესაუბრა:

- უპირველესად, მისასალმებელია, რომ რადიო "პალიტრის" ეთერში ბათუმისა და აჭარლების ხმას მოვისმენთ. მოგეხსენებათ, რადიო "პალიტრა" თავისი ინტერაქტიულობით გამოირჩევა - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და მუდმივად ჩართული ვართ ყველა საკითხში, რაც ჩვენ გარშემო ხდება. გვაქვს არაერთი გადაცემა, სადაც მსმენელს ვაწვდით როგორც პროცესების კვალიფიციურ ანალიზს, ისე - უახლეს ინფორმაციას. რაც მთავარია, ნებისმიერ მათგანს შეუძლია, პირდაპირი ეთერით გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ან დასვას შეკითხვა კონკრეტულ მოვლენასა თუ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღოს გადაცემაში სტუმრად მოწვეული პასუხისმგებელი პირების კვალიფიციური პასუხი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში ბათუმისა და აჭარლების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოვისმენთ მათ აზრს - რას ფიქრობენ არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, არამედ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზეც, რასაც ასევე ხშირად მიმოვიხილავთ რადიოს პირდაპირი ეთერით. მეორე მხრივ, რადიო "პალიტრის" თვალით დანახული საქართველო შევა ბათუმში მიუკერძოებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით.

- აღსანიშნავია, რომ რადიო "პალიტრა" წელს 10 წლის ხდება და მას ფართო აუდიტორია ჰყავს საქართველოს მასშტაბით.

- ეს ძალიან გვახარებს. შესაძლოა, 10 წელი ბიოგრაფიისთვის არცთუ ისე ბევრია, მაგრამ ეს წლები განსაკუთრებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ რადიოს განვითარებას, უფრთხილდებიან "პალიტრის" სახელს და სწორედ ობიექტურობითა და სანდოობით ქმნიან მის რესპექტაბელურ რეპუტაციას. ბათუმში მაუწყებლობის დაწყება კიდევ ერთი გამარჯვებაა გუდაურის, ბაკურიანისა და ბორჯომის შემდეგ. თანაც, მოგეხსენებათ, აჭარა როგორც მოსახლეობის, ასევე სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საგანგებოდ ბათუმისა და მთლიანად აჭარელი მსმენელისთვის რამდენიმე სპეციალური პროექტი განვახორციელოთ.

- რადიო "პალიტრის" ეთერში აჭარის რეგიონისთვის დამატებითი სამაუწყებლო ბადე შეიქმნება?

- დიახ, სპეციალურ პროექტებში ვგულისხმობ როგორც ადგილობრივ, აჭარელი მსმენელისთვის აქტუალურ და ლოკალურ ინფორმაციას, ასევე რეგიონის სტუმრებისთვის საინტერესო თემებს, მაგალითად, როგორ და სად დაისვენონ, რა უნდა დაათვალიერონ, რომელი კულტურული თუ თანამედროვე მიღწევებით გამოირჩევა ეს კუთხე. ამასთან, მსმენელს მივაწვდით ინფორმაციას ბიზნესის სიახლეებთან დაკავშირებით, გადაცემებში სტუმრად მოვიწვევთ საქმიან ადამიანებს, რომელთაგან სიახლეებისა თუ წარმატების ფორმულის მოსმენა, ბუნებრივია, ყოველთვის საინტერესოა. ასე რომ, საინტერესო გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ბათუმელი მსმენელი და მთლიანად აჭარის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება ჩვენს მაუწყებლობაში.

რუსუდან შელია