"გვეშველება რამე?!."
გვეშველება რამე?!. - ეს არის კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამდნენ და მისვამენ უცნობი და ნაცნობი ადამიანები მოქმედი, წინა და იმის წინა ხელისუფლებების პირობებში. ეს არის უპასუხოდ დარჩენილი, ფაქტობრივად, რიტორიკულად ქცეული შეკითხვა, რომელიც სევდიან ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს უახლეს ისტორიას და რომელზეც სერიოზული პასუხი დღემდე არ გაცემულა. შესაბამისად, ის უკვე დიდი ხანია ჰაერში გამოეკიდა, იუმორის სფეროში გადაინაცვლა და არც აღარავინ ელოდება პასუხს. მეც ხშირად მიწევს მისი ასხლეტა მოკლე პასუხით - თეორიულად კი, პრაქტიკულად არა...
მიუხედავად ისტორიული განვითარებით განპირობებული სკეპტიციზმისა, ბუნებრივია, ყველა ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ მანკიერი წრის გარღვევა და ქვეყნის განვითარების სწორ გზაზე გაყვანა.
ალტერნატული პოლიტიკური ცენტრების არარსებობის პირობებში, ხელისუფლების პრობლემა სახელმწიფოებრივში გადადის და სამწუხაროდ, მათი გამიჯვნა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელმაც არსებული ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი, გახლავთ მმართველობითი სისტემის სრული კოროზია, რომელიც უცილობლად ჩამოყალიბდება სერიოზულ კრიზისად, აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქართული სახელმწიფოსათვის.
მაინც რაში მდგომარეობს მმართველობითი სისტემის კრიზისი?
მთლიანად დარღვეულია ინსტიტუციური წესრიგი, როგორც იერარქიული, ასევე კომპეტენციების გაყოფის თვალსაზრისით. ძალის, ანუ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები აცდენილია ინსტიტუციურ ცენტრებს. შესაბამისად, მთლიანად არეული ან პარალიზებულია გადაწყვეტილების ფორმირების, მიღების და აღსრულების პროცესი. შესაბამისად, სამმაგად არის "დაზღვეული" შეცდომის მაღალი ალბათობა. თუ სწორად მოიფიქრეს, არასწორ ინტერპრეტაციას მისცემენ გადაწყვეტილებაში და თუ სწორად გადაწყვიტეს, ჩააფლავებენ აღსრულებაში. უფრო გასაგები რომ იყოს, რაზე ვსაუბრობ, ორ ბოლოდროინდელ მაგალითს მოვიყვან ერთიდაიგივე პრობლემასთან დაკავშირებით.
- პრემიერის ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!". ეს გეგმა არსებითად და შინაარსობრივად აბსოლუტურად სწორია. ამასთანავე, ამ ეტაპზე მისი საჯაროდ გამოცხადება სიბრიყვე და მეტიც - მავნებლობაა, იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ სენსიტიურ საკითხს ვეხებით და რამდენად ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. შედეგმაც არ დააყოვნა რეაქციების სახით აფხაზების და ოსების მხრიდან. ხელისუფლებამ ამჯერადაც ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლა, ერთჯერადი, იაფფასიანი პოპულისტური ინტერესიდან გამომდინარე. ეს არის მაგალითი, როგორ "ფუჭდება" სწორად ფორმირებული გადაწყვეტილება მისი მიღების პროცესში.
- პრემიერის ცნობილი წერილი. რუსეთის ხელისუფლებისთვის მიმართვის სწორი გადაწყვეტილება ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების მიზნით, მავნებლურად "გაფუჭდა" აღსრულებაში. პრემიერის მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ პროცესში რუსეთის კონსტრუქციული მიდგომის იმედის გამოთქმა მაქვს მხედველობაში. ეს სიბრიყვეც წინ დაგვხვდა უკვე ჟენევაში, აფხაზებისა და ოსების სარკასტულ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით.
მმართველი პოლიტიკური ელიტა იმის შიშით, რომ არაფერი გააფუჭოს, ნებაყოფლობით მთლიანად ჩამოშორებულია სერიოზული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და რესურსებზე. ის კმაყოფილდება იმით, რომ საშუალება აქვს საკუთარი ბოსტანი მოიზომოს და იქ იჩიჩქნოს. მათი მთავარი კომფორტია, რომ "ყველაფერი ბიძინას ბრალია", ანუ თვითონ არაფერზე არ არიან პასუხისმგებელნი. მათ შორის იმაზეც, რაც თვითონ გააფუჭეს. ეს არის ერთადერთი კონსენსუსი, ჩემის აზრით უსამართლო, რაზეც თანხმდება ყველა - ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება და ხალხი.
არის თუ არა ამ კრიზისიდან გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის დემონსტრაციული ჩამოშორება პოლიტიკური პროცესისგან?
რა თქმა უნდა არა, რადგან ალტერნატული ძალის ცენტრის არარსებობის პირობებში, მივიღებთ სრულ ქაოსს, პროცესების არაპროგნოზირებადი, დრამატული განვითარებით. პარაზიტი, მკვებავი სხეულის გარეშე იღუპება. პოლიტიკური ოპოზიცია კი ნაწილობრივ დისკრედიტირებული, ნაწილობრივ კი უსუსურია. შესაბამისად, არავინ დარჩება, ვინც უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.
მაშინ სად არის გამოსავალი?
ამ ვითარებიდან მარტივი, ერთსვლიანი გამოსავალი არ არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი. მეორე ეტაპზე კი უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ რეალურად კონკურენტული არჩევნები და შესაბამისად, საბოლოოდ დავამკვიდროთ ევროპული, მულტიპარტიული დემოკრატია. როგორც უახლესი ისტორია აჩვენებს, ჩვენთან სხვა მოდელი არ იმუშავებს.
როგორ უნდა მოხდეს ეს მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ?
მოცემულობა ისეთია, რომ ამის გაკეთება ისევ და ისევ შესაძლებელია ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნების გამოხატვის შემთხვევაში. მან ერთხელ მიიღო მძიმე და სარისკო გადაწყვეტილება 2011 წელს. ახლა უნდა მიიღოს, შესაძლოა მისთვის არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილება.
მე ვიცი, რომ მას უყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ყველა ჩვენგანს უყვარს თავისი შვილი, მაგრამ თუ სწორად ვერ აღზარდე და სწორ გზაზე არ დააყენე, ვერასოდეს შედგება ღირსეულ მოქალაქედ.
რა გადაწყვეტილებებია მისაღები?
პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა კენჭი უნდა იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. გახდეს სახელმწიფოს მეთაური. ეს შექმნის ინსტიტუციური წესრიგის აღდგენის საფუძველს, რადგან შეწყდება ჩრდილოვან მმართველობაზე საუბარი და მთავრობას და პარლამენტს მოუწევს საკუთარი ფუნქციის შესრულება, საკუთარი პასუხისმგებლობით.
მეორე ეტაპზე ივანიშვილმა, როგორც უკვე სახელმწიფოს მეთაურმა და არა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, უნდა მოამზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და უნდა გახდეს მათი კონკურენტულ გარემოში ჩატარების გარანტი.
ეჭვი არ მეპარება, რომ სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია ქართული სახელმწიფოსთვის ამ ორი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა.
უკვე ამის შემდეგ შეიძლება მისი მისია ამოწურულად ჩავთვალოთ, რადგან ისინიც კი ვისაც ძალიან არ უყვარს, იძულებული გახდებიან, აღიარონ ივანიშვილის დამსახურება ქვეყნის წინაშე.
არჩევნების შემდეგ შეუძლია გადადგეს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადად ვაქციოთ ყველამ ერთად.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ - მხოლოდ სამშობლოს სიყვარული არ არის საკმარისი ისტორიის დასაწერად. სახელმწიფოს სახელით თავგანწირვის გარეშე ჩვენი პატრიოტიზმი მოიკოჭლებს და არც ისტორია გვაპატიებს ამას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს