პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადა
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
უწმინდესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მღვდელმთავრები. ილია მეორემ ადგილზე ასევე სააღდგომო ნაბათი მიიტანა.
ადგილზე დილიდან იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, 9 აპრილის მონაწილეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. 9 აპრილს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს ქვეყნის პირველმა პირებმა. მემორიალი გვირგვინებით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ადგილზე ასევე მოდიან სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც სიმბოლურად ტიტები მოაქვთ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.