"ის არასდროს ყოფილა ISIS-ის წევრი" - მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ჯორჯი მოკლულია?! - კვირის პალიტრა

"ის არასდროს ყოფილა ISIS-ის წევრი" - მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ჯორჯი მოკლულია?!

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, "ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის უახლოესი მოკავშირე გაანადგურა, - იუწყება ტელეარხი Al Sumaria.

ტელეარხის მონაცემებით, "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მარჯვენა ხელის აბუ-ვალიდ აშ-შიშანის (მურად მარგოშვილი) ლიკვიდირება ქალაქ კირკუკის შემოგარენში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის მსვლელობისას ძალოვანებმა შეძლეს დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებზე შეიცავს ინფორმაციას.

"ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის ნაწილის ოკუპირება 2014 წლის ზაფხულში შეძლეს. ამავე წლის ივნისში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ჩაიგდეს ხელში და "ხალიფატის“ დედაქალაქად გამოაცხადეს. 2015 წელს, საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის მთავრობამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად. 2017 წლის დეკემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ ერაყში "ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხების შესახებ განაცხადა.

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის ნინო ბურჭულაძის თქმით, მურად მარგოშვილი არასდროს ყოფილა "ისლამური ხალიფატის" წევრი:

"მურად მარგოშვილი, მეტსახელად მუსლიმ ალ შიშანი არასდროს ყოფილა "ისლამური ხალიფატის" წევრი და შესაბამისად, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2013 წლიდან დღემდე ის ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სირიაში იბრძოდა. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარგოშვილი თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში, ქალაქ აფრინში დაწყებულ სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტოში" იღებდა მონაწილეობას და თურქეთის მხარეს იბრძოდა, თუმცა მან ეს ინფორმაცია თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო.

2018 წლის მარტის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, ლატაკიაში მისი დაღუპვის შესახებ, თუმცა მისმა უახლოესმა გარემოცვამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. როგორც ცნობილია, მარგოშვილი დღემდე ლატაკიის პროვინციაში იბრძვის და აქამდე არც დისლოკაციის ადგილი შეუცვლია, შესაბამისად, მას ვერც ერაყის შეიარაღებული ძალები მოკლავდა".

მარგოშვილის "ისლამურ ხალიფატთან" კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს მისი ახლობლები, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეობიდან აცნობეს, მარგოშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესააბამება.

მამის, ირაკლი მარგოშვილის თქმით, მას სირიიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. შვილთან სატელეფონო კონტაქტი კი ბოლოს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.

მურად ხანგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან არის. მან 2012 წელს საქართველო დატოვა და თურქეთის გავლით სირიაში გადავიდა.