მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება საიტზე - TP.ge შეუძლია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, დედაქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდებიან. ამის შესახებ მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საპარკინგე სადგურები დედაქალაქში იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული.
"დღეიდან თბილისის პარკირების სისტემას უზრუნველყოფს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. დილიდან გასულია ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას. შუადღიდან გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც იქნებიან აღჭურვილი შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე. პირველ ეტაპზე საპარკინგე ადგილები იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული, რომ არ მოხდეს გაურკვევლობა და არ შეიქმნას დისკომფორტი მძღოლებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე, პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო აბრების შეცვლა, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი, ასევე თბილისის პარკინგის ინტერნეტ მისამართი - TP.ge.
"ამ მისამართზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია როდის აქვს გადახდილი პარკირების საფასური, ან როგორ უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, აქ არანაირი ცვლილება არ ხდება. დღეს მოხდა მხოლოდ ფუნქციების ჩანაცვლება, ერთი კომპანიის ფუნქციები გადმოვიდა მეორესთან, რადგან კომპანია "სითი პარკი" ვერ უზრუნველყოფდა საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობას. ჩვენი პირველი დავალებაა, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეწყოს საპარკინგე ადგილები და შესაბამისობაში მოვიდეს სტანდარტებთან, პარალელურად მიდის მუშაობა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს", - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, როგორც მამუკა კობახიძე აცხადებს, კომპანია მთლიანადაა აღჭურვილი აღნიშნული ტექნიკით, ასევე ევაკუატორებით, რომელიც მერიამ პირველ ეტაპზე იქირავა.
"კომპანიის შესაბამისი თანამშრომლები აღჭურვილები არიან შესაბამისი ტექნიკით. პირველ ეტაპზე ვიქირავეთ ევაკუატორები. ტენდერია გამოცხადებული და 2-3 თვის ვადაში შევიძენთ ევაკუატორებს. პირველ ეტაპზე 10 ევაკუატორით მოხდება ქალაქის მომსახურება.
რაც შეეხება ჯარიმების და პარკირების საფასურის გადახდას, ნებისმიერ მსურველს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ მოიძიონ ეს ინფორმაცია ასევე, ჯარიმები და პარკირების საფასური გადაიხადონ ნებისმიერი ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. ჯარიმების რაოდენობა არც იზრდება და არც მცირდება", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულება დღეიდან ოფიციალურად შეწყვიტა. "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
"ინტერპრესნიუსი"