"თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ასადი და მისი რეჟიმი რუკიდან გაქრებიან"
თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ასადი და მისი რეჟიმი რუკიდან გაქრებიან. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით უწყებაში გამოცემა Jerusalem Post-ს განუცხადეს.
ისრაელის თავდაცვის უწყებაში აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გაავრცელეს, რაც აიათოლა ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა განაცხადა, რომ სირიაში ისრაელის მიერ სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, რომლის შედეგად შვიდი ირანელი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა, უპასუხოდ არ დარჩება.
"ასადის რეჟიმი და თვითონ ასადი რუკიდან გაქრებიან თუ ირანელები შეეცდებიან ისრაელს ან ისრაელის ინტერესებს სირიის ტერიტორიიდან ზიანი მიაყენონ. ირანს რჩევას ვაძლევთ არ ჩაერიონ, ვინაიდან ისრაელი მტკიცედ განწყობილია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.
"ინტერპრესნიუსი"