"რუსეთმა ფაქტობრივად გამორიცხა სირიის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ფაქტობრივად გამორიცხა სირიის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა"

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის ჩაგდებით, რუსეთმა ფაქტობრივად გამორიცხა სირიის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა, შესაბამისად, დასავლეთი განიხილავს სამხედრო ალტერნატივებს, რასაც, გართულების შემთხვევაში, შესაძლოა სხვა შესაძლებლობებიც დაემატოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რონდელის ფონდის მკვლევარმა, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა.

ამ მომენტისთვის დასავლელი ლიდერები ერთმანეთთან კონსულტაციებს გადიან, თუ როგორი იქნება ერთობლივი დასავლური პასუხი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც, ბატიაშვილის თქმით, მკაცრი იქნება.

"ასადის რეჟიმმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობისა და კაცობრიობის წინაშე. იგი არ ერიდება ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მოსკოვის მცდელობა, უარყოს ან გადაფაროს ეს ფაქტი უშედეგოა. მთელი ცივილიზებული სამყარო ელოდება დასავლეთის რეაქციას, რომელიც ვერ და არ გაჩერდება ასეთი დანაშაულებების ჩადენის შემთხვევაში. ცხადია, რომ ეს რეაქცია მკაცრი იქნება, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ასადის რეჟიმი დამოუკიდებლად, რუსეთისა და ირანის დახმარების გარეშე ქიმიური იარაღის შექმნას და გამოყენებას ვერ შეძლებდა. ამ მომენტისთვის დასავლელი ლიდერები კონსულტაციებს გადიან ერთმანეთთან, თუ როგორი იქნება ერთობლივი დასავლური პასუხი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. გუშინ რუსეთმა ტრადიციულად "ჩააგდო" გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენი მექანიზმის შექმნას და დამოუკიდებელ გამოძიებას ითვალისწინებდა. ამით მან ფაქტობრივად გამორიცხა კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა. შესაბამისად, დასავლეთი განიხილავს სამხედრო ალტერნატივებს, რასაც შეიძლება, გართულების შემთხვევაში სხვა შესაძლებლობებიც დაემატოს", - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება თეირანს, ბატიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ერაყსა და სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ირანმა პირველად შეძლო ფიზიკურად ისრაელთან მიახლოება, რაზეც ამ უკანასკნელს უმკაცრესი რეაქცია აქვს.

"თეირანიც ვაშინგტონის ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგედ ითვლება. თუმცა, რეგიონში ირანს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება აქვს საუდის არაბეთსა და ისრაელთან. ირანმა ერაყსა და სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე პირველად შეძლო ფიზიკურად ისრაელთან მიახლოება, რაზეც ამ უკანასკნელს უმკაცრესი რეაქცია აქვს. შედეგად, ისრაელი პერიოდულად ბომბავს ირანის სამხედრო ბაზების ჩანასახებს სირიის ტერიტორიაზე. ისრაელის ეს პოზიცია არ შეიცვლება, რადგან მას უკან დასახევი გზა არ აქვს. ხოლო აშშ ვალდებულია დაიცვას ისრაელი, როგორც მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში", - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. დღეს ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

"რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"