"პარლამენტში ნამდვილად არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩემი საყრდენია, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"პარლამენტში ნამდვილად არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩემი საყრდენია, მაგრამ..."

"პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება იქნება განხილული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ განხილვის მიზანი იქნება არა ვინმეს გასამართლება, არამედ მსგავსი დაპირისპირების თავიდან აცილება.

"პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია. ესენი არიან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები იმ იერარქიის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ამას შემდეგ ემატება კომიტეტების თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. ნორმალური პროცესია, როცა ურთიერთობები იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან - 116-ვე დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში. დისკუსიის ნაკლებობა არ გვაქვს. პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში 20 საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო და 20-ვე საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში სიღმისეული განხილვა გვქონდა. თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გუნდში არის ძალიან დემოკრატიული პროცესი და ძალიან ხშირად ტარდება თავისუფალი კენჭისყრები", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"