რამდენი ფრთიანი რაკეტა გამოიყენეს სირიაში და არის თუ არა მსხვერპლი? - რუსეთის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს
აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განუცხადა.
"არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთიანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთიანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა", - განაცხადა რუდსკოიმ.
მისივე თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
იხილეთ: რას ამბობს პუტინი სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმაზე?
"ინტერპრესნიუსი"