"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა, ოჯახის წევრია დაჯი" - ქართველი ვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება
მომღერალი ნუცა შანშიაშვილი თავისი ამერიკული ცხოვრების, შემოქმედებითი სიახლეების, შვილის - ნიკუშას შესახებ და დიასახლისურ-კულინარიულ თემებზე გვესაუბრა.
- სტერეოტიპი, რომ საქმიან ქალს ოჯახის საქმე არ გამოსდის, თითქოს ნელ-ნელა ინგრევა. დაოჯახებულ ქალბატონებს, რაც უნდა წარმატებული იყვნენ, მაინც უწევთ კერძების კეთება, სახლის დალაგება. თქვენ როგორი დიასახლისი და კულინარი ხართ?
- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კეთება ზოგჯერ მეც მიწევს. კულინარიას ისე ვუდგები, როგორც ხელოვნებას. მიყვარს რაღაცების მოგონება, შექმნა, ახალ-ახალ კერძებს ვსწავლობ და როცა დრო მაქვს, ცხადია, ვამზადებ. თუმცა, ეს ხშირად ვერ ხერხდება, რადგან ძალიან დაკავებული ვარ. ცხოვრებაში იმდენი რაღაც მაქვს გაკეთებული, რომ ამის ფონზე, ალბათ გასაკვირიც იქნება ვთქვა, ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მაგარი და მოხერხებული დიასახლისი ვარ-მეთქი. ძირითადად, ყველაფერში დედა მეხმარება და ბავშვისთვისაც ის ამზადებს კერძებს. ნიკუშას ძალიან უყვარს კატლეტი, მაკარონი, შემწვარი კარტოფილი, კანფეტი, ნაყინი, ტორტი, ნამცხვარი და ისეთი საჭმელები, რაც ბავშვებს მოსწონთ. დედასავით, რესტორანში სიარული უყვარს (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობთ, შედარებით ნაკლები ტკბილეული მივცეთ, რადგან ვიცით, მავნებელია. დედაჩემი ზრუნავს, ჯანსაღი საკვები აჭამოს. მეც ასე გამზარდა - ხელით გამოწურულ წვენს მასმევდა და ნიკასაც უწურავს ხილს, ბოსტნეულს. მე ახლაც ასე ვარ, რაიმე "ფრეში" რომ არ დავლიო ყოველდღე, არ შემიძლია...
- რა ინტერესები აქვს 5 წლის ნიკუშას?
- მატარებლებზე გიჟდება და ხელოვანების ოჯახში დაბადებულს, რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რომ კონსტრუქტორი, ინჟინერი და მშენებელი გახდეს, გზები და მატარებლები ააშენოს ან საერთოდ, დისპეჩერად იმუშაოს მეტროში (იცინის). იმდენად უყვარს, რომ ზოგჯერ მეტროში შემიყვანს და ვდგავართ ასე, მატარებელს ველოდებით, როდის მოვა, რომ ჩავსხდეთ, გავისეირნოთ, მერე უკან მოვბრუნდეთ და ვნახოთ, ეს მატარებელი სად მიდის და ა.შ. ცივა თუ ცხელა, არ აინტერესებს. პარკში ბევრი გასართობია, საქანელებზე ქანაობა კი არ აინტერესებს იმდენად, უყურებს, რკინები როგორაა ერთმანეთზე გადაბმული, რა "შურუპებითაა" დამაგრებული, კონსტრუქცია აინტერესებს. საოცარ დეტალებს აკვირდება, საინტერესო ბავშვია. ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა, ოჯახის წევრია დაჯი. ნიკუშა ამბობს, ისეთი მატარებელი უნდა ავაშენო, დაჯიკო ჩაჯდეს და თბილისიდან პირდაპირ ნიუ-იორკში გამოფრინდესო (იცინის). გაისად სკოლაში მიდის და წინასასკოლო მოსამზადებელ ბაღში დადის, სადაც ძალიან კარგი აურაა, სხვანაირი ბავშვები არიან, შინაგანად გაცისკროვნებული, უბოროტო.
- რთულია იყო კარგი დედა?
- რთული შეკითხვაა... შემეძლო ისევ ისე მევლო, როგორც მთელი ცხოვრება დავდიოდი - ხან მოსკოვში, ხან თბილისში, ნიუ-იორკში, პარიზში, თან გასტროლები, შეხვედრები და ა.შ. ცხოვრების ამ ეტაპზე, მინდა თუ არა, ნიუ-იორკში უნდა ვიყო, ნიკა აქ უნდა გაიზარდოს. ბავშვს მაქსიმალურად უნდა გავუკეთო ყველაფერი და მერე უკვე, თავისი ცხოვრება ექნება. სანამ პატარაა, ვეცდები, კარგი განათლება მივცე; სითბო, სიყვარული, გვერდში ყოფნა ვაჩუქო, ისევე, როგორც ყველა დედა აკეთებს.
- დედათქვენი - მზია მაღლაკელიძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. რას გაიხსენებთ თქვენი ბავშვობიდან?
პრემიერა და სპექტაკლი ისე არ დამთავრდებოდა, ჩვენთან ვარსკვლავები არ მოსულიყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ლია გუდაძე, იზა გიგოშვილი, ზინა კვერენჩხილაძე. სულ ვარსკვლავების ცვენა იყო. სუფრა იშლებოდა და ისეთი ქეიფი იწყებოდა, მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ დაძინება არ მინდოდა და ღამის პერანგით ვიდექი კართან, ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი მათ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჩვენთან სულ ჟრიამული იყო, ერთობოდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ, ლექსებს ამბობდნენ, ხუმრობდნენ, ღადაობდნენ, ანეკდოტებს ჰყვებოდნენ და ა.შ. ნანული სარაჯიშვილისა და ცხონებული გია ფერაძის ღადაობები იყო ისეთი, პატარა ბავშვი რომც ვერ ჩავწვდომოდი ხუმრობას, მაინც მეცინებოდა, ისე ჰყვებოდნენ. უნიკალური და ნიჭიერი ხალხის ულამაზესი საღამოები იყო. იხილეთ სრულად
"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"
თამთა დადეშელი