"არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას" - რას ამბობს ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას" - რას ამბობს ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი?

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი ბრალდებულის 20-ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. როგორც ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება.

"ვეფხია აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურორატურა ითხოვს პატიმრობას დღევანდელ სხდომაზე, თუმცა ჩვენ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს, 20 ათას ლარს შევთავაზებთ", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"