"დროებით კი არა, სამუდამოდ ნადგურდება ტყეები" - რას ამბობენ ხელისუფლებაში ჯვარაში აღმოჩენილ "ხეების სასაფლაოზე"?
"37 ჰექტარზე ჭრის უფლებით გაცემულ ნებართვაში კომპანიამ გადაიხადა დაახლოებით 830 000 ლარი"
საკუთარ ეზოში ხის მოჭრა რომ გადაწყვიტოთ, სპეციალური ნებართვის აღება დაგჭირდებათ, მით უფრო ამის გათვალისწინებით, გამაოგნებელიც კია ის კადრები, რაც თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარადან გავრცელდა. განსაკუთრებულად დიდი ოდენობის გაჭრილი ხე-ტყის უმძიმესი კადრები ლეიბორისტულმა პარტიამ გაავრცელა. მათი თქმით, ეს არის ის გადამალული ხე-ტყე, რომელიც ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG-მ გაჭრა.
დეტალების გასარკვევად kvirispalitra.ge ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ნათია იორდანიშვილს ესაუბრა.
- სადაც ხე-ტყე მოიჭრა, წიაღით სარგებლობის სალიცენზიო ტერიტორიაა, რომელსაც აღნიშნული კომპანია ფლობს. ლიცენზია "არემჯი გოლდზე" გაცემულია დაახლოებით, 2005-2006 წლებში. წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო ადრე გახლდათ გარემოს ეროვნული სააგენტო, მისი დღევანდელი სამართალმემკვიდრე კი წიაღის ეროვნული სააგენტოა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სალიცენზიო ტერიტორიაა, აქ რიგი სამუშაოების ჩატარებისთვის, კანონმდებლობის თანახმად, კომპანიებს ესაჭიროებათ დამატებითი ნებართვა, რომელსაც სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობის ნებართვა ჰქვია. კანონმდებლობით დადგენილია პროცედურები თუ როგორ და რა შემთხვევაში გაიცემა ის. კომპანიას გასული წლის 8 მაისიდან, 37 ჰექტარზე მიღებული ჰქონდა სპეციალური დანიშნულებით ხე-ტყით სარგებლობის ნებართვა, მათ შორის ჭრით.
ნებართვის გაცემას ახლავს რიგი პროცედურები, აღირიცხება მერქნული რესურსი, ანუ რა ექვემდებარება ჭრას და რა - არა. 2017 წლის 8 მაისს, სწორედ ამ პროცედურების დაცვით იქნა გაცემული ნებართვა 11 თვის ვადით. ასეთ შემთხვევაში, მერქანი, რომელიც იჭრება ადგილზე, არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, საწყობდება ერთ ადგილზე და შემდეგ გადმოეცემა ეროვნულ სატყეო სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით. კანონმდებლომა ამასაც არეგულირებს, თუ რა სახით უნდა მოხდეს მერქნული რესურსის გასხვისება, ხშირ შემთხვევაში ეს გახლავთ აუქციონის წესით, ხოლო ზოგჯერ მერქანი გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშად.
კანონმდებლობა მსგავსი საქმიანობისას ნებართვის გაცემასთან ერთად, საკომპენსაციო გადასახადსაც ითვალისწინებს. გამოთვლა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილებით ტყით სარგებლობის წესშია გაწერილი, კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის, 37 ჰექტარზე ჭრის უფლებით გაცემულ ნებართვაში კომპანიამ გადაიხადა დაახლოებით 830 000 ლარი.
- ანუ "არემჯი გოლდმა"?
- დიახ, იქ არიან მისი შვილობილი კომპანიები. თანხა ჩვენს ბიუჯეტში მოდის და მხოლოდ ტყის მოვლასა და აღდგენას ხმარდება.
- ამდენი მოჭრილი ხიდან ყველა გამოუსადეგარია?
- ხანდახან ვარგისიანი ხეებიც იჭრება ხოლმე, გააჩნია რა ხე იჭრება...
- რატომ მოითხოვა კომპანიამ ამ ხეების გაჩეხვის უფლება?
- როგორც უკვე გითხარით, არის წიაღით სარგებლობას დაქვემდებარებული ობიექტი, ისინი მოქმედებენ მათი ლიცენზიის ფარგლებში, წიაღის მოპოვებას ვერ განახორციელებენ ჩაურევლობის გარეშე... ეს ტერიტორია მათ მოითხოვეს გზებისა და საბურღი მოედნების მოწყობის მიზნით.
- გზა რომ მოაწყონ, ამდენი ხე უნდა მოიჭრას?
- მე მშენებლობის პროექტი არ მინახავს, 37 ჰექტარზე მათ წარმოადგინეს დაახლოებით 2 900 კუბამეტრის ხე-ტყის მოჭრის პროექტი. რომ მორჩებიან წიაღით სარგებლობას, პროცესში ერთვება ამ ტერიტორიის რეკულტივაციის გეგმა სხვა ალტერნატიული დოკუმენტებით და კომპანიას სხვა ვალდებულებები აქვს, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებაც.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, ამ შემთხვევაში პრობლემაა არა მარტო ხის მოჭრა, არამედ, ლიცენზიები, რომლებიც ადრე გაიცემოდა და დღეს კანონმდებლობა რადიკალურად შეცვლილი არ არის.
- როდესაც სამთო მოპოვების ლიცენზია გაიცემა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სადღაც უნდა გააკეთონ საბადო. მაგალითად, კაზრეთში ახლა რომ დიდი ორმოა, ადრე იყო ჩვეულებრივი მთა, ხეები და ა.შ. ლიცენზია რომ გაიცემა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იქ ხეც მოჭრება და მთაც მოითხრება, ამიტომ თუ ლიცენზია გაცემულია, ხელისუფლება კომპანიას ხის მოჭრაზე უარს ვეღარ ეტყვის. თუმცა ადრე ხეების მოჭრა უკომპენსაციოდ ხდებოდა, ახლა კი, თუ არ ვცდები 2014 წელს შევიდა ცვლილებები კანონში და კომპანია ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია.
როდესაც ქვეყანა ამბობს, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენების საშუალებას აძლევს კომპანიას, ეს ის სავალალო შედეგია, რომელზეც ნებაყოფლობით თანხმდება. იგივე ხდება, სამწუხაროდ, ჰესების შემთხვევაშიც.
გლობალური პოლიტიკაა შესაცვლელი. სამწუხაროდ, ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მინერალური მარაგის მოპოვებაზე უარი თქვას, მაგრამ გარემოზე მიყენებული ზიანი არ უნდა აღემატებოდეს იმას, რასაც იღებ ამ მოპოვებიდან. საექსპორტო პროდუქცია, რომლებსაც ეს კომპანიები ქმნიან ქართული ეკონომიკის დაახლოებით ერთი მესამედს შეადგენს. ქვეყანას შეუძლია თქვას, რომ აღარ უნდა სამთო მოპოვება და აღარ გასცეს ლიცენზია, მაშინ ეს გლობალურად უნდა გადაწყდეს და შეფასდეს ეკონომიკურად რას მოუტნას ეს ქვეყანას, ჩვენ შემთხვევაშო, სამწუხაროდ, სავალალო შედეგს მოიტანს.
რეზო გეთიაშვილი, "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი:
- ისმის კითხვა, რამდენად უღირს სახელმწიფოს ის ეკონომიკური შემოსავალი, რის შედეგადაც დროებით კი არა, სამუდამოდ ნადგურდება ტყეები. შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც ხეები მოიჭრება და შემდეგ ეტაპზე მოხდება წიაღისეულის მოპოვება, ტყე აღარასოდეს იქნება. ეს, რა თქმა უნდა, ბუნებას სერიოზულად აზიანებს. არსებობს შესაბამისი პროცედურები, როდესაც ამ ზიანს ითვლიან, თუკი სარგებელი ზიანს აჭარბებს, მაშინ გადაწყვტლება სარგებლის სასიკეთოდ მიიღება.
ეს არის ძალიან მძიმე ეკოლოგიური პრობლემა, 90-იანი წლებიდან დღემდე ბევრი ვერაფერი შევცვალეთ და მივდივართ იქით, რომ ტყეების დეგრადაცია სწრაფ პროცესად იქცა. ამის შეჩერებას სჭირდება მკაცრი და ხისტი პოლიტიკა.
თუმცა ბოლო დროინდელი პოზიტივიც უნდა აღინიშნოს, 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გადაწყდა, რომ კომპანიების მიერ გადახდილი კომპენსაციები ტყის აღდგენის მიმართულებით დაიხარჯება და არა გაურკევევლი მიზნით, როგორც ადრე ხდებოდა.
ფოტოები ეკუთვნის "საყდრისის კომიტეტს"
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)