"არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს, დამიჭერენ? დამიჭირონ! მომკლავენ? მომკლან!" - კვირის პალიტრა

"არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს, დამიჭერენ? დამიჭირონ! მომკლავენ? მომკლან!"

არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს, დამიჭერენ? დამიჭირონ! მომკლავენ? მომკლან! ვიღაც მაინც გამოჩნდება, რომ ეს საქმე ბოლომდე გააგრძელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

სარალიძემ საქმის პროკურორებსა და მას შორის შემდგარი გასაუბრების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურორები მას კონკრეტული პირების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. სარალიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"პირდაპირ მაყრის პროკურატურა თვალებში ნაცარს, ასე რომ ვთქვათ, მაფურთხებენ სახეში. არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს, დამიჭერენ? დამიჭირონ! მომკლავენ? მომკლან! ვიღაც მაინც გამოჩნდება, რომ ეს საქმე გააგრძელოს ბოლომდე და იმ კონკრეტულ პირებამდე მიიყვანოს, ვისაც ხელს ადებს თუნდაც პროკურატურა, თუნდაც სუბელიანი და თუნდაც კაკუბავა. პროკურორებთან ვიყავი ასული და აქეთ დამადანაშაულეს, თითქოს ვიღაცის ინტერესებს ვიცავ და ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობ იმას, რომ კიდევ ორი მკვლელი გარეთ დადის. თუ ვის ინტერესებს ვიცავ, ამას კონკრეტულად არ მეუბნებიან. მხედველობაში აქვთ ან ზვიად კუპრავა ან დაცვის მხარე. მე შვილი მომიკლეს და კიდევ მე მადანაშაულებენ იმაში, რომ ვიღაცის ნათქვამზე დავდივარ", - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, ორი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია და ბოლომდე იბრძოლებს, რომ მათ პასუხი აგონ. "ბატონ ზვიად ფხაკაძესთან ვიყავი კაბინეტში, სადაც ქალბატონი ინა გუგუშვილიც იყო, პლუს ორი პროკურორი, რომლებიც მართლა არ ვიცი ვინ არიან. ბატონმა ზვიად ფხაკაძემ და ქალბატონმა ინა გუგუშვილმა მითხრეს, თქვენ ძალიან საეჭვოდ ლაპარაკობთო. რაში გამოიხატება ჩემი საეჭვო ლაპარაკი-მეთქი? რასაც დაცვის მხარე ლაპარაკობს, თქვენც იგივეს ლაპარაკობთო. პროცესიდან ყველაზე ადრე გამოვდივარ, ინტერვიუს პირველი ვაძლევ, როგორ შეიძლება მათი მოწოდებული აზრი ვთქვა იქ? წინასწარ ხართ მოლაპარაკებულიო, ასეთი პასუხი გამცა. აქეთ გადმოდიან იერიშზე, რომ ბევრი არ ვიყვირო?! ვერ მივართმევ ვერც ერთს! დამიჭერენ და დამიჭირონ, მომკლავენ და მომკლან! ვიღაც მაინც მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე და იმ ორ პიროვნებას სააშკარაოზე გამოიყვანს. თვითონ არ გამოიყვანენ? მე გამოვიყვან, კანონით თუ უკანონოდ", - განაცხადა სარალიძემ.

"ინტერპრესნიუსი"