"პუტინი კარგად ერკვევა ასტროლოგიაში, გარშემო ასტროლოგთა მთელი გუნდი ჰყავს" - მსოფლიო ომის საფრთხე ასტროლოგიურ პრიზმაში - კვირის პალიტრა

"პუტინი კარგად ერკვევა ასტროლოგიაში, გარშემო ასტროლოგთა მთელი გუნდი ჰყავს" - მსოფლიო ომის საფრთხე ასტროლოგიურ პრიზმაში

"2019 წელს იუპიტერი მშვილდოსანში გადადის და იქ ერთი წელი დარჩება. იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა. ეს იქნება საქართველოსთვის ამოსუნთქვის პერიოდი. ამ დროს მნიშვნელოვანია, ვეცადოთ ჩვენი საგარეო ურთიერთობების გამყარებას, კაპიტალის დაბანდებას, ეკონომიკურ ზრდას, პოზიციების განმტკიცებას", - ეს ამონარიდი ასტროლოგ ნინა ხომერიკის 2017 წლის ინტერვიუდანაა. მაშინ ასტროლოგი რუსეთის გავლენის გაფართოების ცდაზეც საუბრობდა. დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მან რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი: "მარსი, ლილიტი, სატურნი და პლუტონი თხის რქაში ... შედეგმაც არ დააყოვნა. 16 მაისამდე რომ არ დაებომბათ სირია, კიდე იყო შანსი თავიდან აგვეცილებინა მოსალოდნელი დაძაბულობა. აგვისტომდე ყველაზე რთული და გადამწყვეტი ეტაპია მსოფლიოსთვის!"

ცნობილია, რომ ყველა გლობალურ მოვლენას თავისი ასტროლოგიური ახსნა აქვს. საუკუნეების განმავალობაში მსოლფიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერები ასტოლოგებს კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავდნენ, მათ შორის იყვნენ ქართველი მეფეებიც, განსაკუთრებით კი ერეკლე მეორე, რომელიც თავისი პირადი ვარსკვლავთმრიცხველის რჩევით გეგმავდა ბრძოლებს.

ნინა ხომარიკი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ასტროლოგიურ ასხნას გვთავაზობს და შესაბამისად, პლანეტების დგომის მიხედვით სიტუაციის განმუხტვის სავარაუდო თარიღებს ასახელებს:

"ყოველ წელს აქვს თავისი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გავლენას ახდენს იმ წლის მიმდინარე პროცესებზე. 2018 წელს ყველაზე მეტად აქტიურია თხის რქის ზოდიაქოს ნიშანი.

რას წარმოადგენს თხის რქა ასტროლოგიაში?

თხის რქა არის ყველაზე ამბიციური ნიშანი, ის არის ასტროლოგიური მეათე სახლის მმართველი. მეათე სახლი კარიერის შექმნის, იმიჯის, თავის დამკვიდრების და ხელისუფლების მოყვარული სახლია. შესაბამისად, თხის რქის ინფორმაცია ვრცელდება არა მხოლოდ იმ პერსონაზე, ვინც დაბადებულია კონკრეტულად ამ პერიოდში, არამედ მასებზე. რადგან წლევანდელ წელს თხის რქა ყველაზე რთულად დატვირთული ნიშანია, მსოფლიო ლიდერები შეეცდებიან აჩვენონ ვინ არის უფრო მაგარი, ძლიერი და შემტევი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ პლანეტების განლაგება ამ პერიოდში, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თხის რქაზე.

წელს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში დგას სატურნი (2017 წლის 20 დეკემბრიდან შემოვიდა), რომელიც ამ კონკრეტულ პერიოდში უარყოფით გავლენას ახდენს, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას უწყობს ხელს. პოზიცია შეიცვალა და თხის რქის ზოდიაქოში დადგა მარსიც (მარტის პერიოდიდან) ომისა და აგრესიის მომტანი პლანეტა. პლუტონი - ფსიქოსომატური პლანეტა, რომელიც ლილიტთან ერთად შეერთებაში მრისხანებას აღვიძებს ადამიანში, შურისძიების სურვილს აჩენს, ვიხსენებთ 10, 20, 30 წლის წინანდელ ცოდვებს.

როდესაც ვთქვი, 16 მაისამდე რომ არ მიიღონ რადიკალური გადაწყვეტილებები, შემდეგ უკვე მთავარ საფრთხეს ავიცილებთ თავიდან მეთქი, ვგულისხმობდი, პლანეტების ამ განლაგებას. 2018 წლის 18 მარტს მარსი - ომის პლანეტა დადგა თხის რქის ზოდიაქოში და დაიწყო პროცესები, ზუსტად 18 მარტიდან დაიძაბა ვითარება. მარსი და მისგან გამოწვეული ვითარება აქტიურია 16 მაისის ჩათვლით. ემოციური ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული 16 მაისამდე, რომელიც ომის ათვლის პერიოდად იქნება მიჩნეული. 16 მაისის ჩათვლით, შეიძლება მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც პროცესებს შემდეგ ვეღარ შეცვლის.

მსოფლიო ლიდერების ჰოროსკოპი

დონალდ ტრამპი ტყუპის ზოდიაქოს ქვეშ დაიბადა. მას მართავს პლანეტა მერკური, რომელიც დღეს არაადეკვატურია, რეტროგრადულია (უკან მიმავალი), ძველი ცოდვების გახსენებისკენ მიილტვის.

პუტინი არის სასწორი, ის არის სტრატეგი და დიპლომატი. რუსეთის მმართველია ნიშანია მერწყული და ახლა მერწყულის ეპოქაა.

რას ნიშნავს მერწყულის ეპოქა?

ჩვენ 12 ეპოქა გვაქვს, 12 ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. დედამიწაზე კაცობრიობა განვითარდა თევზების ეპოქაში, რომელიც აქამდე იყო, 2013 წელს დადგა მერწყულის ეპოქა და ის 2569 წლამდე, 25 საუკუნე ნახევარი იმეფებს დედამიწაზე, ანუ მთელი ეს პერიოდი რუსეთისთვის ხელსაყრელია, მთავარია როგორ გამოიყენებს მას თავისთვის და ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.

რუსეთი ახლა კრეფს თავის სიძლიერეს, უბრალოდ, რადგან სატურნი მისი მმართველი პლანეტაა და სატურნისთვის ეს ცუდი პერიოდია რუსეთიც რთულ ეტაპს გადის -  ახალი სანქციები, დიპლომატების გამოძევება, ოლიგარქების მიერ დაკარგული მილიარდები და ა.შ.

თუმცა ეს პროცესი, 8 აგვისტოს მთავრდება. რუსეთი ახლა ჩუმად არის, იმიტომ, რომ ხმამაღალი ტექსტების დრო არ არის მისთვის და რადგან პუტინი ძალიან კარგად ერკვევა ასტროლოგიაში და მას ყოველთვის აქვს კონსულტაციები რუსეთში ცნობილ ასტროლოგებთან, გარშემო ასტროლოგთა მთელი გუნდი ჰყავს, ის კიდევ ცოტა ხანი თავს შეიკავებს საპასუხო დარტყმისგან, აფიქრებინებს მოწინააღმდეგეს, რომ მასზე ძლიერია.

პუტინი დაელოდება თავის სვლას. ხშირად ის ძალიან ჰგავს ნიანგს, დიდ ხანს შეუძლია უყარაულოს მსხვერპლს და შემდეგ ერთხელ გააღოს პირი და გადაყლაპოს. ყველა ცნობილი გადაწყვეტილება, რაც კი პუტინს მიუღია, თარიღების მიხედვით რომ ჩავხედოთ, მივხვდებით, რომ შემთხვევითობას არ წარმოადგენს. პუტინი კარგა ხანს ემზადება დარტყმისთვის და ასტროლოგიურად მისთვის ხელსაყრელ პერიოდს ირჩევს.

დიდი ალბათობა არსებობს ამ ცივმა ომმა უფრო მასშტაბური ხასიათის მიიღოს, ეს წელი ფონს მისცემს დანარჩენს წლებს, 2018 წელი ათვლის წლად შევა ისტორიაში, ოღონდ რა ტიპის პროცესებზე გვექნება ლაპარაკი ეს ჯერ არ ვიცით.

წარსულში პლანეტების იმ განლაგებამ, რაც დღეს გვაქვს მსოფლიო შეცვალა.

ყველა პლანეტას თავისი მოძრაობის, პერიოდულობის ციკლი აქვს. თუ გადავხედავთ წინა წლებს, როდესაც პლანეტებს ჰქონდათ იგივე დგომა, რაც დღეს აქვთ, ვნახავთ, რა ძირეული ცვლილებები მოხდა მსოფლიოში.

1929-1932 წლები - ყველაზე გრძელვადიანი კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი დეპრესიის პერიოდი, მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რამაც გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა.

1959-1962 წლები - კარიბის კრიზისი, აშშ-სა და სსრკ-ს შორის ცივი ომის პერიოდი. ორი სახელმწიფო ატომური ესკალაციის ზღვარზე. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.

1991 წელი - ბევრი ქვეყნისთვის შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურები, საბოლოოდ გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა, საქართველოსა და აფხაზეთის დაპირისპირება, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის დაჯახება. ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცესები მოხდა სატურნის ტრანზიტის პერიოდში, როდესაც მან შეიცვალა მდებარეობა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში განლაგდა.

რაც შეეხება საქართველოს, 2018 წლის ბოლოს, 8 ნოემბერიდან - 2019 2 დეკემბრის პერიოდში იქნება შანსი უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი სახელმწიფო. თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომლის მიხედვითაც პლანეტების განლაგება საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, მაშინ 2019 წელს იუპიტერის (გამარჯვების პლანეტა) გავლენით საქართველოსთვის ამოსუნთქვის პერიოდი დაიწყება. ამ დროს მნიშვნელოვანია, ვეცადოთ ჩვენი საგარეო ურთიერთობების გამყარებას, კაპიტალის დაბანდებას, ეკონომიკურ ზრდას, პოზიციების განმტკიცებას. თუ ეს შანსი ქვეყანამ არ გამოიყენა, მაშინ ძალიან დიდხანს ვივლით უკუსვლით.

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)