რატომ შეაფერხა სტალინმა "ქეთო და კოტეს" საკავშირო პრემიერა - კვირის პალიტრა

რატომ შეაფერხა სტალინმა "ქეთო და კოტეს" საკავშირო პრემიერა

ფოტოგალერეა

"ხელით უნიშნებია დედასთვის, მოდიო. "საიდან ხარ?" - უკითხავს. საიდანაც თქვენო, უპასუხია დედას - მართლაც, გორიდან გახლდათ. სტალინს გაღიმებია, მერე, თურმე, გადაეხვია, აკოცა, მთავრობის წევრებს მიუბრუნდა და გაღიმებულმა გადაულაპარაკა: "Видите, она моя землячка".

"ჰოლივუდს იშვიათად თუ შეუქმნია რაიმე ამ მშვენიერების მსგავსი," - წერდა 1954 წელს ფილმ "ქეთო და კოტეს" შესახებ ამერიკული გამოცემა Daily Worker. 1946 წელს სსრ კავშირის მთავრობამ ომით დათრგუნვილი მოსახლეობის გამხიარულების მიზნით სახალისო, კოსტიუმირებული ფილმების გადაღება გადაწყვიტა... ამ პერიოდში რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეკრანიზაციაზე ფიქრობდა და სცენარი, დეკორაციები, კოსტიუმები თითქმის მზად ჰქონდა. ერთ დღესაც კინოსტუდიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ მაჭავარიანმა კაბინეტში იხმო, უნდა გაგახაროო. "ბარათაშვილი?" - ტაბლიაშვილმა ამბის გამოცნობა სცადა. "არა!" - მაჭავარიანმა პასუხად უჯრა გამოაღო, სადაც მინისტრთა საბჭოს განკარგულება ედო, ჩამოთვლილი იყო, რომელ რესპუბლიკას რა ფილმი უნდა გადაეღო. ნუსხაში ეწერა: "ქეთო და კოტე" - ვახტანგ ტაბლიაშვილი". გადაწყვეტილებას ხელს იოსებ სტალინი აწერდა.

ირაკლი ტაბლიაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილის შვილი:

- მამას "ქეთო და კოტე" განსაკუთრებულად უყვარდა. თავდაპირველად ნიკოლოზ ბარათაშვილზე აპირებდა ფილმის გადაღებას, მაგრამ სტალინის სურვილს ვინ აღუდგებოდა წინ და გეგმა შეცვალა - "ქეთო და კოტე" ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქაში გადაიტანა, კოსტიუმებიც მიუსადაგა და მუშაობას შეუდგა. რამდენიმე სასინჯი სცენა გადაიღო, რომლებიც მავანმა არ მოიწონა... მოითხოვდნენ, თავადები ანეკდოტური, დაბეჩავებული იერის ყოფილიყვნენ, რაზეც მამა არ თანხმდებოდა. საქმე ისე წავიდა, რომ ფილმის გადაღება უნდა შეეჩერებინათ, ამიტომ გადაწყვიტა, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივანთან, კანდიდ ჩარკვიანთან მისულიყო, რომელიც იმჟამად გაგრაში ისვენებდა. ჩარკვიანმა მოუსმინა და უთხრა: "ფილმს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ ხედავთ!"

- ფილმის გადაღება 1948 წელს დასრულდა. სამთავრობო ჩვენებამ როგორ ჩაიარა?

- როგორც კანდიდ ჩარკვიანის შვილი, გელა ჩარკვიანი იხსენებს, სტალინს ფილმი ძალიან მოსწონებია. სამთავრობო ჩვენებისას სტალინთან მთავრობის წევრები მიდიოდნენ და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდნენ. ფილმის დამთავრების შემდეგ სტალინს ჩარკვიანისთვის უთქვამს, თავი შევიკავოთ ფილმის საკავშირო ეკრანებზე გასვლისგან, საქართველოში კი აჩვენეთო.

- რატომ?

- ალბათ, შეიძლებოდა ეთქვათ, სტალინი კინტოების ქვეყნიდან არისო, რასაც ცუდი რეაგირება მოჰყვებოდა. არც ის იყო გამორიცხული, ეფიქრათ, თუ რევოლუციამდელ საქართველოში ხალხი თავს ასე შესანიშნავად გრძნობდა, რევოლუცია რაღატომ მოხდაო?! სავარაუდოდ, ეს ყველაფერი განჭვრიტა სტალინმა და საკავშირო პრემიერა შეფერხდა. ფილმი"ქართველმა მაყურებელმა 1948 წელს ნახა, დიდ ეკრანებზე კი 1953 წელს გამოვიდა, საბჭოთა კავშირიც შემოიარა და მსოფლიოც, რამაც სახელმწიფოს დიდი შემოსავალი შემოუტანა.

- მამას გადაღებებზე თუ დაჰყვებოდით?

- ხუთი წლის ვიყავი, ფილმზე მუშაობა რომ დაიწყო. რეპეტიციებზე ჩვენთან, სახლში იკრიბებოდნენ არჩილ კერესელიძე, ბათუ კრავეიშვილი, ვასო გოძიაშვილი, კაკო კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, გოგი გელოვანი, ზურა ლეჟავა, მედეა ჯაფარიძე... მე იქვე შორიახლოს ვიყავი და სიხარულით შევყურებდი მათ, ხოლო თუ კინოსტუდიაში ვიყავით, მაკარის ეტლში ვიჯექი და იქიდან ვადევნებდი თვალს.

- თქვენც ჩანხართ ფილმის ერთ ეპიზოდში?

- ოთხი-ხუთი სინჯი გადამიღეს და მეტი აღარ მინდა-მეთქი, კატეგორიულად გამოვაცხადე. მოგეხსენებათ, ამ ფილმში დედაჩემი, ეკატერინე მახათელიც არის გადაღებული. იგი ქეთოს მეგობარ გოგონას ასახიერებს. დედა გამორჩეული გარეგნობის ქალი გახლდათ. 1939 წელს მოსკოვში სპორტისა და ფიზკულტურის აღლუმი ტარდებოდა. აღლუმზე წარსადგენად საქართველოდანაც შეურჩევიათ თვალში საცემი ახალგაზრდები, რომელთა შორის დედაჩემიც იყო.

აღლუმის შემდეგ კრემლში ბანკეტი გამართულა. სტალინი პოლიტბიუროს წევრებთან ერთად შემოსულა დარბაზში, ქართველების მაგიდასთან შეჩერებულა და ხელით უნიშნებია დედასთვის, მოდიო. "საიდან ხარ?" - უკითხავს. საიდანაც თქვენო, უპასუხია დედას - მართლაც, გორიდან გახლდათ. სტალინს გაღიმებია, მერე, თურმე, გადაეხვია, აკოცა, მთავრობის წევრებს მიუბრუნდა და გაღიმებულმა გადაულაპარაკა: "Видите, она моя землячка".

სიკოსა და ნიკოს სიმღერა თავდაპირველად ოპერის მომღერლებს უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კერესელიძეს შავგულიძისა და გოძიაშვილისთვის რომ მოუსმენია, ისე მოსწონებია, გადაწყვეტილება შეუცვლია. ეპიზოდურ როლებს ასრულებენ აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, ვერიკო ანჯაფარიძე... ფილმში გაიელვა ნატო ვაჩნაძის სახემაც. მას მამაჩემისთვის უთქვამს, გავიგე, ფილმს იღებ და ერთ კადრში მეც გამომაჩინეო. ქალბატონო ნატო, თქვენ ან ქეთო უნდა განასახიეროთ, ან საერთოდ არ ითამაშოთ ამ ფილმშიო, ყოფილა მამას პასუხი. კარგი ერთი, თავი დაანებე ეგეთ ლაპარაკსო, უთქვამს ქალბატონ ნატოს. ფინალურ სცენაში მართლაც რამდენიმე წამით ჩანს ეს უდიდესი მსახიობი - ის ზურაბ ლეჟავასთან ერთად ცეკვავს.

მამა ხშირად ამბობდა, რომ არა ეს დიდი მსახიობები, ვერაფერს მივაღწევდიო.

ნინო ტაბლიაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილის შვილიშვილი: - ბაბუა ხშირად იხსენებდა "ქეთო და კოტეს" გადაღების დროინდელ კურიოზებს. მაგალითად, სცენაში, როდესაც სტუმრები მაკარის სახლიდან გარბიან, ჟორჟოლიანის პერსონაჟისთვის უნდა ესროლათ დამბაჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, დატენილი არ იქნებოდა, ჟორჟოლიანს კი უნდა გაეთამაშა, თითქოს ტყვია მოხვდა და ძალიან ეტკინა. მსახიობებს მოულაპარაკიათ და მისთვის ქვამარილით დატენილი დამბაჩა უსვრიათ. ბუნებრივია, ჟორჟოლიანი არ ელოდა და უყვირია: "მართლა მესროლეს! მართლა მესროლეს!" ეს ფრაზა ფილმში დარჩა.

გახსოვთ კადრი, სიკო და ნიკო ქაბატოს თოკით რომ აბამენ? ერთ მომენტში ქაბატო თოკს ხელს გამოჰკრავს და თავზე კაკალი ეყრება... ფილმს ომის შემდგომ პერიოდში იღებდნენ, როდესაც ქვეყანაში შიმშილი იყო და ტომარა კაკალი ვიღაცისგან უთხოვიათ, გადაღების შემდეგ კი სათითაოდ აუგროვებიათ და უკლებლივ ჩაუბარებიათ პატრონისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მარჯანიშვილისა და ოპერის თეატრებში ბაბუამ არაერთი სპექტაკლი დადგა, "ქეთო და კოტე" განსაკუთრებულად უყვარდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა სალაღაია