თბილისში ავტომანქანებისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს - კვირის პალიტრა

თბილისში ავტომანქანებისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შსს-მ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ. ტ., 1998 წელს დაბადებული ა. გ. და 1995 წელს დაბადებული გ. ვ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობაში. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 3 მოპედი და ავტომობილის ნაქურდალი საბურავები ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა დროს მოპარული საბურავები და უკანონოდ გასხვისებული აკუმულატორები.

გამოძიების ფარგლებში ნაქურდალი სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილების ნაწილების კანონიერ მფლობელთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"