"არ ესროლოთ, ის ქართველია!"
1921-1990 წლებში საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის (სუკი) მე-10 განყოფილების საცავებში თავი მოიყარა 230 000-მა ერთეულმა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა. ყველა ეს დოკუმენტი გრიფით საიდუმლოდ ინახებოდა. 1991-1992 წლებში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დესტაბილიზაციის დროს "სუკის" ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა და საარქივო ფონდის 80%-ზე მეტი განადგურდა. რაც გადარჩა ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა...
საარქივო საცავის აღდგენა და გადარჩენილი დოკუმენტების რესტავრაცია მხოლოდ 2004-2005 წლებში დაიწყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი წერილობითი ფაქტები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. სწორედ ამ უწყების საარქივო სამმართველოს ხელშეწყობითა და დახმარებით წარსულის ისეთი ფაქტების გამომზეურება გახდა შესაძლებელი, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, საქმე #46- ასეთია ტომებად შეკრული დოკუმეტების შიფრი, სადაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის საბედისწერო სიყვარულის ისტორია იკითხება...
შეჩერდით, ის ქართველია!- გაისმა მკაცრი ბრძანება ავტომატმომარჯვებული გერმანელი ჯარისკაცების მისამართით, რომელთაც ჰოსპიტალის ობმოკიდებული სარდაფის კედელთან ატუზული ებრაელები ის-ის იყო სიცოცხლეს უნდა გამოესალმებინათ.
სიკვდილმისჯილთა შორის იყო ქართველი მედდა თინა ბალანჩივაძე. მისი სიცოცხლე კი წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტალის კომენდატმა, გერმანელმა ფელდფებელმა (სამხედრო წოდება გერმანიის შეიარაღებულ ძალებში) არტურ ციცკემ იხსნა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
თინა ბალანჩივაძე 1920 წელს ქუთაისის რაიონში სოფელ ქვიტირში დაიბადა. დედისერთამ და მამის გარეშე გაზრდილმა გოგონამ წითელი ჯვრის ქუთაისის მედიცინის დათა ორწლიანი სკოლა დაამთავრა. ომის დაწყებამდე თინა ქუთაისის ვენდისპანსერსა და პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა.
ომის დაწყებიდან ლამის პირველსავე დღეებში - 1941 წლის 28 ივნისს გაიწვიეს. ახალგაზრდა ქართველი მედდა სამხედრო სამსახურში და მე-18 არმიის მე-4 მოტომსროლელი დივიზიის 55-ე სანბატალიონში ჩარიცხეს. სამი თვის განმავლობაში პირველადი სამხედრო მომზადება ქუთაისში გაიარა, 6 სექტემბერს კი მე-18 არმიის მთელ შემადგენლობასთან ერთად სამხრეთ ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.
ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქ ტოკმაკთან არმია მალევე მოექცა გერმანელთა ალყაში. ტყვიების ზუზუნისა და ყუმბარების აფეთქების ქვეშ ახალგაზრდა მედდა პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ 1941 წლის 8 ოქტომბერს თავადაც მძიმედ დაიჭრა. ნაღმის ნამსხვრევებმა მარცხენა ფეხი დაუზიანა. ამ ამბიდან მეორე დღეს კი მისი ბატალიონი გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. მძიმედ დაჭრილი მედდა გერმანელმა ჯარისკაცებმა ქალაქ პოლოგის წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც თინას ოპერაცია გაუკეთდა.
სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ქართველმა მედდამ და გერმანელმა ოფიცერმა. არტურ ციცკეს ქართველი ტყვე ქალის მიმართ პირველი ნახვისთანავე გრძნობა გაუჩნდა, არც თინა ყოფილა მის მიმართ გულგრილი. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თინა დროებით იმავე ჰოსპიტალში დატოვეს სამუშაოდ...
გერმანელების მიერ ზაპოროჟიეს ოკუპაცია 2 წელი და 10 დღე გაგრძელდა. ოკუპაციის პერიოდში იქ 44 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა რთულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება ქართველ ტყვეს, მით უფრო მტრის სიყვარულით გულანთებულს...
1942 წლის ივნისში თინა ბალანჩივაძე სხვა ტყვეებთან ერთად ქალაქ ზაპოროჟიეს გერმანელების სამხედრო კომენდატურაში გადაიყვანეს და საპატიმრო კამერაში გამოამწყვდიეს. `გესტაპოს~ თანამშრომლებთან ორკვირიანი შეხვედრების შემდეგ ქართველი ფერშალი ფაშისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დაითანხმეს.
მას დაევალა საბჭოთა პარტიზანებისა და ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფი კომუნისტების გამოაშკარავება, ასევე ებრაელების საცხოვრებელი ადგილების დადგენა. წინააღმდეგობის გაწევის ან "გესტაპოსთან" მისი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემთხვევაში თინას დახვრეტა ელოდა.
რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რის ფასად დაუჯდა ახალგაზრდა ქართველ ქალს ფაშიტების ულტიმატუმის მიღება. თანაც სიცოცხლეს როგორ დათმობდა, როდესაც გული სიყვარულით ჰქონდა სავსე. ასეა თუ ისე, თინამ გერმანელებთან თანამშრომლობის ვალდებულების დოკუმენტს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
ქალმა სწორედ იმ ჰოსპიტალში ითხოვა სამუშაოდ დაბრუნება, სადაც საყვარელი ადამიანი ეგულებოდა. რამდენიმე კვირაში ახალმა განსაცდელმა იჩინა თავი. გარეგნობით ებრაელს მიმსგავსებული თინა, ეროვნული ნიშნით სიკვდილმისჯილ ებრაელებთან ერთად ჰოსპიტალის სარდაფში ჩაიყვანეს და ის-ის იყო განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, რომ მისი სიცოცხლე არტურ ციცკემ იხსნა...
ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დააახლოვა ისინი და 1942 წლის აგვისტოში თინა ბალანჩივაძე საცხოვრებლად სატრფოსთან გადავიდა. სიცოცხლით ტკბობის საფასურად გესტაპოს აგენტი თინა ბალანჩივაძე იძულებული გახდა 6 საბჭოთა კომუნისტის შესახებ მიეწოდებინა ცნობები გერმანელებისთვის.
"გაშიფრულები" სასწრაფოდ გადაიყვანეს ზაპოროჟიეს იმ ტყვეთა ბანაკში, სადაც თავის დროზე თინაც იმყოფებოდა, მაგრამ მათი შემდგომი ბედის შესახებ აგენტად ქცეულმა ქალმა არაფერი იცოდა. თინა და არტური ერთად გატარებული ყოველი წუთით ტკბებოდნენ, მაგრამ აცნობიერებდნენ, რომ მათი სიყვარულის მომავალი მეტად ბუნდოვანი იყო. წინასწარ რთული იყო იმის გამოცნობა თუ როგორ, ან როდის დამთავრდებოდა ომი, ან კი მიიღებდა საზოგადოება ორი დაპირისპირებული ქვეყნის შვილის სასიყვარულო კავშირს?
ყოველი ახალი დღის გათენებას თინა და არტური შიშითა და ეჭვით ხვდებოდნენ, და ახალმა განსაცდელმაც არ დააყოვნა. 1943 წლის დასაწყისში არტურ ციცკე ჰოსპიტალის კომენდანტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და პოლოგის რაიონის (ზაპოროჟიეს ადმინისტაციული ცენტრი) ხიდებისა და რკინიგზის დაცვა დაავალეს.
რამდენიმე თვეში კი ციცკე ასაკის გამო არმიიდან საერთოდ გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნება უბრძანეს. შეყვარებული წყვილის განშორება გარადაუვალი იყო. წლების შემდეგ, საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებთან საუბრისას თინა ბალანჩივაძე იხსენებს: "წასვლის წინ შემომთავაზა თავისთან ერთად გამგზავრება. მე მივიღე მისი წინადადება, რადგან მიყვარდა ".
ქართველი ქალის სიყვარულით გულანთებულმა გერმანელმა ოფიცერმა იმდენი მოახერხა, რომ თინა იმ ეშელონში აღმოჩნდა, რომლითაც კავკასიელები გერმანიაში ნებაყოფლობით მიემგზავრებოდნენ. გერმანიაში ისევ ციცკეს დახმარებით თინა "ქართულ კომიტეტში" გამოცხადდა და დახმარება ითხოვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მესამე რაიხისა და გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიაზე იქმნებოდა მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები ბოლშევიკების მიერ დაკნინებული ერების დასაცავად.
მაგალითად 1939 წელს რომში შედგა ბერლინში, პრაღასა და ვარშავაში მცხოვრებ ქართველთა ნაციონალური ორგანიზაციების შეხვედრა, სადაც ქართული ნაციონალური კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. მოკლედ, "ქართულ კომიტეტში" თინას არა მხოლოდ მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს, არამედ მისცეს ყველა საჭირო დოკუმენტი და სამსახურიც კი უშოვეს ქალაქ შპეტინის საავტომობილო ქარხნის მედპუნქტში. ეს ქალაქი შემთხვევით როდი შეირჩა, ციცკეც სწორედ შპეტინში მუშაობდა და შეყვარებულები დროდადრო ხვდებოდნენ ერთმანეთს.
სულ მალე თინამ შეიტყო რომ ფეხმძიმედ იყო და დასახმარებლად კვლავ ქართულ კომიტეტს მიმართა. კომიტეტში მისი მდგომარეობა გაითვალისწინეს და შედარებით მსუბუქი სამუშაო მოუძებნეს იქვე ბერლინთან ახლოს, შპანდაუს რაიონის სამოქალაქო მედპუნქტში. 1945 წლის 2 მარტს ქვეყანას თინას და არტურის სიყვარულის ნაყოფი მოევლინა. გოგონას როზმარი-თამარი დაარქვეს და წმინდა მარიას სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს.
ციცკე ცოლ-შვილთან გადავიდა საცხოვრებლად და გერმანიაში დისლოცირებულ ინგლისის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დაიწყო მუშაობა.
ამასობაში ომიც დამთავრდა. თინას სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრიც არ გაუვლია, რადგან საყვარელ ქმარ-შვილთან თავს ბედნიერად გრძნობდა. მისთვის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ ერთი პირობით იყო მისაღები, თუ ციცკესთან ერთად გამგზავრების უფლებას მისცემდნენ. ასეთ რამ კი ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. მეტიც, ომში გამარჯვებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ "მტრულად განწყობილი ელემენტების" გამოაშკარავება დაიწყო.
ქართველი მედდაც საბჭოთა მტრების სიაში აღმოჩნდა. 1946 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბერლინის ცენტრალური სამხედრო კომენდატურის კონტრდაზვერვის განყოფილებისა და ბერლინის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #136 თინათინ ივანეს ასული ბალანჩივაძის მიმართ.
14 ოქტომბერს თინა დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 58-1ბ მუხლით. დაპატიმრების შესახებ დადგენილებაში ნათქვამია: "1943 წელს თინა ბალანჩივაძე ნებაყოფლობით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც განაგრძობდა ცხოვრებას გერმანელ ციცკესთან ერთად. წითელი არმიის ნაწილების გერმანიაში ჩასვლისას თავი აარიდა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, რითაც გაცვალა საბჭოთა სამშობლო".
არადა დაპატიმრებისას თინას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა გერმანული პასპორტი, ცნობა პოლიციიდან ბერლინში ჩაწერის შესახებ, ექიმის ცნობა, გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლების ცნობა, შვილის დაბადების მოწმობა და სხვა აუცილებელი დოკუმენტი, მაგრამ დაპატიმრების საბაბი ურყევი იყო.
1946 წლის 24 დეკემბერს ბერლინის გარნიზონის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით თინა ბალანჩივაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. 1948 წლის 10 ივნისს ის, როგორც განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დამნაშავე სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირის სპეციალურ ბანაკში, ტაიგაში, სადაც უმძიმესი სამუშაოს შესრულება უხდებოდა.
მძიმე სამუშაომ ქალი დააუძლურა და დაავადა. 1954 წლის 27 აგვისტოს ბალანჩივაძე კრასნოიარსკის მხარეში შედარებით მსუბუქ სამუშაოზე გადაიყვანეს.
ერთი წლის შემდეგ კი სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების საფუძველზე თინა ბალანჩივაძე გადასახლებიდან გაათავისუფლეს. თავისუფალი, მაგრამ სამშობლოს მოღალატის დამღით სამუდამოდ დატყვევებული თინა საქართველოში დაბრუნდა. უცნობია სად ან ვისთან იზრდებოდა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ დედის გათავისუფლების შემდეგ როზმარი-თამარ ბალანჩივაძე დედასთან დაბრუნდა.
თინა ბალანჩივაძემ ცხოვრების თავიდან დაწყება სცადა, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. წარსულში სამხედრო მედდამ ქალაქ ტყიბულის საავადმყოფოში სანიტრად დაიწყო მუშაობა. მძიმე წარსული მის ფსიქიკაზეც აისახა, პრობლემები ჰქონდა თანამშრომლებთან. საბჭოთა საქართველოს მთავრობის სახელზე თინამ რამდენჯერმე გააგზავნა საჩივარი-განცხადება, სადაც თავის ყოფას აღწერდა და დახმარებასა და რეაბილიტაციას ითხოვდა,
მაგრამ ბერლინის სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებულ თინა ბალანჩივაძეს რეაბილიტაცია არ ეხებოდა.
ერთხელ, 1974 წელს თინას წერილობით სსრკ თავდაცვის მინისტრ ანდრეი გრეჩკოსთვისაც მიუმართავს, სადაც წერდა: "განმიკითხავს იმის გამო, რომ ნასამართლევი ვიყავი და გერმანელების ტყვეობაში ვიმყოფებოდი. მიღებული განათლებით ექთანად შემიძლია ვიმუშავო, მაგრამ უარს მეუბნებიან, ამის მიზეზი კი ვფიქრობ, ჩემი ნასამართლეობაა. წელს ჩემი ქალიშვილი არ მიიღეს სამედიცინო ინსტიტუტში და ვფიქრობ ამის მიზეზიც ჩემი ნასამრთლეობაა. ყოველივე ამან იძულებული გამხადა მომემართა განცხადებით, რათა ვითხოვო რეაბილიტაცია."
დამატებითი გამოძიებისთვის საქმე მართლაც აღიძრა, მაგრამ ცხოვრებისგან გაწამებული ქალის მიმართ სამუშაო ადგილიდან ცუდი დახასიათებები იწერებოდა...
მოგვიანებით თინა ბალანჩივაძე დაკითხვაზე მოსკოვში დაიბარეს, მაგრამ ტყიბულში მყოფმა უსახსრობის გამო საბჭოთა დედაქალაქში ჩასვლა ვერ შეძლო. სამხედრო პროკურატურამ მოსარჩლის დაუსწრებლად განიხილა საქმე და მისი თხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა.
ასე შეცვალა 21 წლის გოგონას ცხოვრება ჯერ ომმა შემდეგ კი საბედისწერო შეხვედრამ გერმანელ ოფიცერთან. არ ვიცი რა უფრო ვერ აპატია თინას საბჭოთა ხელისუფლებამ- სამშობლოში არდაბრუნება თუ ციცკეს სიყვარული, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ქალი, რომელსაც ბედნიერება სწყუროდა საკუთარი გრძნობების გამო დაისაჯა.